რუსეთის ქალაქ ასტრახანთან დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, გაზგადამამუშავებელ ქარხანაზე
დღეს, 3 თებერვალს გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ასტრახანის რაიონში.
რეგიონის გუბერნატორ იგორ ბაბუშკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სცადეს „მათ შორის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე“. გუბერნატორის თანახმად, ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია. სად და რა მასშტაბის, ბაბუშკინს არ დაუკონკრეტებია.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ასტრახანთან მდებარე გაზგადამამუშავებელ ქარხანაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რეგიონში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 70 უკრაინული დრონი, მათგან 7 - ასტრახანის ოლქში.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დაიკეტა ასტრახანის აეროპორტი.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-მა დღეს გამოაცხადა, რომ რუსეთის ქალაქ ასტრახანის საჰაერო სივრცის რეგულარულად დახურვის გამო, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაურკვეველი დროით წყვეტს ბაქო-ასტრახანი-ბაქოს რეისებს.
მანამდე აზერბაიჯანის ავიაკომპანიის თვითმფრინავებმა რუსეთის ათამდე სხვა ქალაქში ფრენა შეწყვიტეს. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, გროზნოსთან დააზიანა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლმა და კურსის შეცვლის შემდეგ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდა.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს.