ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელებს „რადიკალები" უწოდა, მასკი სააგენტოს „სიკვდილით" ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მომავალს მისი ხელმძღვანელების გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს, ღამით განუცხადა.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, სააგენტოს „რადიკალი გიჟები“ მართავენ, მათ გაუშვებენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
USAID-ი, რომლის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია, პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.
2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე.
კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც დონალდ ტრამპმა ახალი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა, 2 თებერვალს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ USAID-ი „კრიმინალური ორგანიზაციაა“ და მისი „სიკვდილის დროა".
ბოლო დღეებში USAID-ის ათეულობით თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს. ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანიც. მათ სააგენტოს სისტემებზე წვდომისა და საიდუმლო ინფორმაციის მიცემაზე უარი უთხრეს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც USAID-ის ვაშინგტონის ოფისში შესვლას უნებართვოდ ცდილობდნენ და უარის გამო სამართალდამცავების გამოძახებით იმუქრებოდნენ.
გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დეპარტამენტის ქმედებებს უპრეცედენტო უწოდა და მოითხოვა დაუყოვნებლივ რეაგირება ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელ შედეგებზე. შაჰინის ინფორმაციით, 3 თებერვალს სენატორების ორპარტიული ჯგუფის შეხვედრას მოიწვევენ.
გასული კვირის ბოლოს გაითიშა USAID-ის ვებსაიტიც.
„ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელსაც იმედი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად გაუარესებულ ურთიერთობებს გააუმჯობესებს და შეჩერებულ სტრატეგიულ პარტნიორობას აღადგენს, USAID-ის მიმართ ახალი ადმინისტრაციის კრიტიკას თავისი მიზნებით იყენებს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გასულ ღამით სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ USAID-მა საქართველოსთან მეგობრობის გამყარების ნაცვლად დაუშვა რამდენიმე სამწუხარო შეცდომა, რაც დღემდე სათანადოდ არ გამოუსწორებია.
პაპუაშვილი ისევ ლაპარაკობს USAID-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლაში არსებულ ცდომილებაზე, რომელიც გაყალბების ბრალდების საფუძვლად იქცა. პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ისევ უცხოეთიდან ფინანსდება, გაყალბებულად აცხადებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც, თუმცა პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებაზე უარი თქვა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID) ცალკე სამთავრობო ორგანიზაციად არ უნდა დარჩეს და სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა შეუერთდეს.
დემოკრატი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ სააგენტოს ერთპიროვნულად, კონგრესთან კონსულტაციების გარეშე გაუქმება არაკანონიერია.
აშშ-ის მთავრობის მიერ 1961 წელს შექმნილი USAID-ი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს მსოფლიოს ქვეყნებში სიღარიბესა და დაავადებებთან ბრძოლისა და სხვა ჰუმანიტარული მიზნებით და ხელს უწყობს დემოკრატიის მშენებლობასა და განვითარებას.