არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო 40 წლის კაცი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავა. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების გამოძიების თანახმად, კაცი სოციალური ქსელების, ფეისბუკისა და ინსტაგრამის ყალბი გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა სახელით ეცნობოდა 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგოებს და "სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა".
საგამოძიებო უწყებამ პედოფილიაში მხილებული კაცის ტელეფონში ნახა „Facebook-ის" და “Instagram-ის" ათამდე ყალბი გვერდი, რომლებითაც ის უკავშირდებოდა ასეულობით ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანებს.
"გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა".
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდს.