6 თებერვალს დაკავებული სტუდენტებიდან ორი დააჯარიმეს, მესამეს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს
მათგან ერთს, გიორგი ბარბაქაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, აჩი გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძე კი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა 18 წლის სტუდენტის, გიორგი ბარბაქაძის საქმის განმხილველი მოსამართლის, ზვიად ცეკვავას აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ის დასანქცირებულია და ამასთან, დემონსტრანტების საქმეებზე ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილებაც არ აქვს მიღებული. ამაზე პასუხად, ცეკვავამ თქვა, რომ არ იცის თუ დასანქცირებულია და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბარბაქაძის დამკავებელმა პოლიციელმა, ლევან ენუქიძემ პროცესზე განაცხადამ რომ 6 თებერვალს, ჭავჭავაძის #22-ის მიმდებარედ"სამი მუქ ფერებში ჩაცმული ნიღბიანი მამაკაცი" შენიშნეს. ამბობს, რომ ეს მათთის "საინტერესო იყო ოპერატიულად".
"შევაჩერეთ მანქანა, დავუძახეთ, გაიქცნენ და ჩვენ ისინი დავაკავეთ", - ამბობს პოლიციელი, რის შემდეგაც სხდომაზე ასეთი დიალოგი გაიმართა:
- მოსამართლე: რაში გამოიხატა კანონდარღვევა?
- პოლიციელი: დავუძახეთ და არ გაჩერდნენ.
- მოსამართლე: მოუწოდეთ რომ პოლიციელები იყავით? -
- პოლიციელი: ჰო დაგვინახეს აღქმადი იყო.
- შსს-ს ადვოკატი: რა იყო თქვენი კანონიერი მოთხოვნა?
- პოლიციელი: მოქალაქეებო არ გაიქცეთ.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სტუდენტის მონაყოლის გადამოწმება სცადა პოლიციელთან და ჰკითხა: "თქვე *ლე ბავშვებო წადით და იქით ხატეთ", - ეს არ უთხარით?
- პოლიციელი: არ მითქვამს.
- ადვოკატი: არ ეღადავებოდით რაიონიდან ჩამოსულებს?
- პოლიციელი: არა.
- ადვოკატი: სრული გაშიშვლება არ მოხდა დაკავებულის სხვების წინაშე
- პოლიციელი: მოქალაქე აბა როგორ უნდა დავათვალიერო?
- ადვოკატი: ბუქნი ხომ გააკეთებინე?
- პოლიციელი: არა.
ამის პასუხად, დაკავებულმა სტუდენტმა, გიორგი ბარბაქაძემ ანიშნა, რომ ორჯერ გააკეთებინეს ბუქნი.
კიდევ ერთმა დაკავებულმა სტუდენტმა, ლუკა ხიზაძემ, რომლის საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე პარალელურად განიხილავდა, სხდომაზე თქვა, რომ დამკავებელ პოლიციელებს მათთვის უფლებები არ განუმარტავთ, ასევე არ უთქვამთ, სად მიჰყავდათ ისინი და რა იყო დაკავების საფუძველი.
"ადვოკატთან არ დაგვაკარგინეს. დავაკვირდი, რომ განყოფილებაში რამდენიმე პირმა ოქმი შეადგინა. ზერელედ არის შედგენილი. რასაც გვედავებიან, ეგ არ ყოფილა, არ შევწინააღმდეგებივართ. გადავადგილდებოდი ჭავჭავაძეზე, რომ გაგვაჩერეს, გვითხრეს მაღაზიის ქურდები გვეგონეთო, ღამის 3 საათზე. ადგილის დატოვება არ გვიცდია, პოლიცია რომ დავინახეთ გამოველაპარაკეთ", - თქვა ხიზაძემ.
სტუდენტები აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე 6 თებერვლის ღამის 3 საათისთვის დააკავეს ჭავჭავაძის გამზირზე ადმინისტრაციული წესით.
ადვოკატის თქმით, გამოძიების ვერსიით, ისინი სტენსილების გაკეთების დროს დააკავეს. აჩი გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, სტუდენტია გიორგი ბარბაქაძეც.
72 დღეა, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროევროპული აქციები მიმდინარეობს. დაკავებული სტუდენტები ამ აქციების მონაწილეები არიან.