"მირტყამენ თავის არეში, ზედ დამახტა ერთი და ეცადა ხელი მოეტეხა" - მოჰყვა საბა სხვიტარიძე სასამართლოზე
"მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების ფაქტები. ოქმი, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, არ შეესაბამება სიმართლეს და არის ყალბი. მე დამაკავეს სხვა ადგილას და ოქმში წერია, რომ მოწმის სტატუსით ვიყავი მისული განყოფილებაში. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე მამაჩემთან ერთად, როცა გამაჩერა პოლიციამ, მე მას დავემორჩილე, ვკითხე რატომ მაკავებდნენ და მითხრეს: "გეტყვიან". მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი განაცხადეს, მოვთხოვე ჩაერთო სამხრე კამერები და არ ჩართო. მამაჩემს ვთხოვე, დაერეკა ადვოკატისთვის, რა დროსაც პოლიციამ ჩამოართვა მამაჩემს ტელეფონი და აუკრძალეს დარეკვა.
წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით. სადღაც გორთან გადამსვეს შავ სედანის [ტიპის] მანქანაში, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ ადამიანებთან, რომლებმაც ჩამომიყვანეს თბილისის სამმართველოში.
მანქანაში მიდის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო მუქარა გაუპატიურების და ა.შ. მანქანაში მხსნიან ბორკილებს და მეუბნებიან: "მოწმის სახით ხარ შენ დაბარებული და რამე რომ არ "გეყლევა", იმიტომ გადევს ბორკილებიო". საშვი ამაღებინეს და ისე შემიყვანეს. ეს რომ მცოდნოდა, უარს ვიტყოდი და სასამართლოში მოწმის სახით მოვითხოვდი დაკითხვას. შემიყვანეს ოთახში და იქ მიდიოდა გინება და შეურაცხყოფა. მოვითხოვე ადვოკატი, უარი მითხრეს. გავიდნენ და დაუძახეს ვიღაცასაც. ოთხი ნიღბიანი სპეცეკიპირებით პოლიციელები შემოდიან, ამ დროს იწყება ჩემზე ძალადობა - მირტყამენ თავის არეში, ზედ დამახტა ერთი და ეცადა ხელი მოეტეხა. მერე გადმომაგდეს და მირტყამდნენ ხელის, ზურგის და თავის არეში, ხელის მოტეხა უნდოდათ. შემოვიდა ისევ პოლიციელი, გაიყვანა და კიდევ გავიმეოროთო, თქვეს. ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მოვითხოვე სასწრაფო. ტვინის შერყევა მქონდა და გული მერეოდა.
შემომიტანეს პარკი და ვარწყიე შიგნით. მადლობა, რომ წყალი მაინც მომიტანეს. მეუბნებოდნენ, რომ ქათმებში ჩამსვამდნენ და გამაუპატიურებდნენ.
ამიყვანეს სხვა სართულზე - "ეს ის არისო?" "პოლიციელებზე ძალადობა არ შეგრჩებაო". სამ პიროვნებას გადამცეს, ამ სამს შევყავარ უფროსთან, უფროსი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს და მეუბნება, რომ "ოქმზე ხელს მოვაწერ", მე ვეუბნები, რომ არაფერს მოვაწერ ხელს ადვოკატის გარეშე.
გამომძიებლის ოთახში შევდივარ და იქ იწყება ჩემი წამების მეორე ეტაპი. ცუდად ვიყავი, პარკი მომაწოდეს და იქაც ვარწყიე. იქ იჯდა ერთი პიროვნება გამომძიებლებთან ერთად, რომელიც აღწერდა ჩემს დაზიანებებს. ეუბნება გამომძიებელს, რომ გავიდეს გარეთ და შემოდის კიდევ ორი პირი სპეცეკიპირებით პოლიციის ფორმაში, სახედაფარული. სამი პოლიცია მაკავებდა და ეს ორი ძალადობდა. თავზე გადამამტვრიეს ნივთები, ხის ნივთები, ამის შემდეგ დაუძახეს გამომძიებელს და მან გააფორმა ოქმი. ჩამიყვანეს კაპეზეზე. ექიმს განვუცხადე, რომ სასწრაფო მესაჭიროებოდა, ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა. განმიცხადეს, რომ "არ გჭირდება სასწრაფოო" და შემიყვანეს საკანში. ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდებოდა პოლიციის მანქანაში, როცა სასამართლომდე მომიყვანეს და სასამართლოდან როცა პენიტენციურში მივდიოდი. სასამართლოდან რომ წამიყვანეს, მესმოდა, ეს პოლიციელები როგორც დასცინოდნენ აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ ყრუ-მუნჯ ადამიანს, რომელიც დაუკავებიათ და დასცინოდნენ, რომ ტიროდა. ჩემთვის ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო.
ამის შემდეგ უკვე გამამწესეს პენიტენციურში. სამედიცინო დახმარებით ვერ ვისარგებლე იქამდე, სანამ პენიტენციურში არ შემამოწმეს ერთი კვირის შემდეგ იქაურმა ექიმებმა. ამის მერე მე სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და უნდა ვიჯდე ციხეში, ის მოძალადეები კი გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. სასამართლოსგან ვითხოვ სამართლიან განაჩენს, მე თავს ვიცავდი და ვიცავდი ჩემ გვერდით მყოფებს. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით, რაც ჩემს მიმართ განხორციელდა, გირაო არ შემიფარდეს. არსად გაქცევას ვაპირებ, სიმართლეს არ გავექცევი, სასამართლომ გადაწყვიტოს, მე ვარ საშიში და ისინი, ვინც ხალხს აწამებენ - დაზარალებულები და პოლიციელები და თითქოს სამართალს იცავენ. ეს უსამართლობა, რაც დღეს ხდება საქართველოში, ერთ-ერთი მონაწილე არის სასამართლო და დღეს თუ თვალჩალურჯებულ ახალგაზრდებს ვხედავთ, ეს სასამართლოს დანაშაულია, ვინაიდან დაუსჯელობის გარანტიები აქვთ ვიღაც-ვიღაცებს და უფრო მეტად უტევენ ხალხს, სცემენ და ქუჩა-ქუჩა დასდევენ ხალხს. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, მე ამისთვის ვაპროტესტებ, უსამართლობას ვაპროტესტებ და სამწუხაროდ, რეჟიმმა მომაკითხა მე და ისინი, ვინც უსამართლოდ იქცევა, ისინი დღემდე სამართალდამცავებად მიიჩნევიან და თითქოს სამოქალაქო წესრიგს ამყარებენ და სამწუხაროა, რომ ასეთ დიქტატორულ რეჟიმში ვცხოვრობთ და ის დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით და სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - მოჰყვა საბა სხვიტარიძე.
საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 50-ზე მეტ ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.
იგივე გაიმეორა სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
"თავისუფლების მოედანზე ყოფნისას პოლიციელ მირიან ქავთარაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავში ჩაარტყა რამდენჯერმე საგანი და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. დაიკითხება დაზარალებული და წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, სადაც გამოჩნდება, რომ მირიან ქავთარაძემ მიიღო დაზიანება და მას ნამდვილად ჩაარტყა საბა სხვიტარიძემ, მათ შორის - ვიდეომტკიცებულება და პოლიციის ჩვენებები".
საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, საპირისპიროს მოწმობს ამოღებული ვიდეოჩანაწერები, ასევე - გამოკითხული მოწმეები.
"ოთხი ვიდეოჩანაწერი და [სასტუმრო] "ქორთიარდის" ვიდეოჩანაწერები წარვადგინეთ და გამოვკითხეთ ათეულობით მოწმე, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. არც მირიან ქავთარაძეს და არც სხვა პირებს არ უთქვამთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი სხვა ადამიანებს ესხმიან თავს. კითხვას, ვინ არიან ისინი, არ პასუხობს. ვინაობას და წარმომავლობას მალავენ.
ბრალდების მხარემ წარმოადგინა ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებს ნახევარ რეალობას და მე წარმოვადგინე მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებს სრულ რეალობას. ისინი იქცეოდნენ და აღიქმებოდნენ, როგორც "ტიტუშკები" და არ აღიქმებოდნენ პოლიციელებად. ერთ-ერთმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თეონა ჭალიძეს, რაც გამოიხატა სახეში რამდენჯერმე ხელის გარტყმით. ბრალდების ყველა მოწმე მიუთითებს, რომ ეს იყო აქცია. ეს არ იყო აქცია, იქ იყო პოლიტიკური პარტიების შეკრება და იმ ადგილას იყო სპეცრაზმი და პოლიცია. მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, თავდამსხმელი მოძალადე კანონიერად მოეგერიებინათ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით მისაღებია. ისინი იყვნენ თავდამსხმელები და არა პოლიციელები. რომ ყოფილიყვნენ პოლიციელები, უფლებამოსილების ბარათი უნდა წარედგინათ. უნდა სცმოდათ პოლიციის ფორმა ან სხვა განმასხვავებელი ფორმა. ისინი არ იქცევიან პოლიციელებივით, ისინი მალავენ სახეს და წარმომავლობას. საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები და არც სხვა იქ მყოფებმა.
მირიან ქავთარაძემ იმის ნაცვლად, რომ თქვას, იქ რას აკეთებდა, იგინება დედის მიმართულებით. მისი იქ ყოფნა არის ძალადობრივი და არ შეესაბამება კანონს ქცევისა და ეთიკის შესახებ. რომელიმე გამოკითხვის ოქმში თუ წერია, რომ მირიან ქავთარაძემ განუცხადა საბა სხვიტარიძეს, რომ იყო პოლიციელი, მზად ვარ, უდავოდ გავხადო ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, თუ ბრალდება ჩვენს მტკიცებულებებს გახდის უდავოს.
მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელიც გამოვიდა გარეთ და დაინახა ეს ხალხი, დარეკა 112-ში და პოლიციასთანაც მივიდა - "გვიშველეთო". ბრალის დადგენილებაში წერია, რომ რუსთაველზე მოხდა შემთხვევა. ყველა გამოკითხული პოლიციელი ამბობს, რუსთაველზე მოხდაო. ეს ნიშნავს, რომ გამომძიებელმა აკრიფა ეს ტექსტი. ვინაიდან ბრალდებას შეეშალა ადგილი, ყველა მოწმე წერს, რომ შემთხვევა მოხდა რუსთაველზე. ჩვენ ვერ ვითხოვდით მტკიცებულებებს, რადგან ბრალში არასწორი ადგილი ეწერა. ყველა იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეში დევს და ასევე გარემოება, რაც საბა სხვიტარიძის გარშემოა შექმნილი, მათ შორის, მას აქვს დაზარალებულის სტატუსი, გონივრულ ეჭვს გააჩენს არათუ იმაზე, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ დაადასტურებს იმას, რომ მირიან ქავთარაძე დაესხა თავს მოქალაქეებს", - თქვა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.
2024 წლის 5 დეკემბერს პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შეიკრიბა შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა.
სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უკვე 76 დღეა, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.