NYT: მინსკს ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ეწვია აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირი
მიმდინარე კვირაში ბელარუსის ხელისუფლებამ გაათავისუფლა სამი პატიმარი, მათ შორის რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტი ანდრეი კუზნეჩიკი და აშშ-ის ერთ მოქალაქე, რომლებიც ვინაობა არ სახელდება. როგორც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა აღნიშნა, პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
The New York Times-ის ცნობით, პატიმრების გათავისუფლებამდე მინსკს ესტუმრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კრისტოფერ სმიტი და ორი ამერიკელი ოფიციალური პირი. ეს იყო ლუკაშენკას პირველი შეხვედრა აშშ-ის მაღალჩინოსანთან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. წყაროების თანახმად, ბელორუსიიდან დაბრუნების შემდეგ სმიტმა ვილნიუსში დიპლომატებთან შეხვედრაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას უწოდა „უზარმაზარი გამარჯვება“ და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის - „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ტრიუმფი. გამოცემის თანახმად, ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს პატიმრების, მათ შორის ცნობილი პატიმრების გათავისუფლება, სანქციების შემსუბუქების (განსაკუთრებით კალიუმის ექსპორტზე) სანაცვლოდ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, აშშ-ის დიპლომატიის კიდევ ერთი მიზანია შეასუსტოს რუსეთთან ლუკაშენკას კავშირი, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩახშობისა (2020 წ) და რუსეთის უკრაინაში შეჭრის (2022 წ) შემდეგ.
ოფიციალური მინსკი, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ბელარუსს სანქციები დაუწესეს 2020 წელს საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ, სხვა საკითხებთან ერთად, უარი თქვეს ლუკაშენკას აღიარებაზე ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა მინსკის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ლუკაშენკამ არაერთხელ დაადანაშაულა დასავლეთის ქვეყნები ბელარუსზე თავდასხმის მომზადებაში. ამერიკული დიპლომატია ადრე ცდილობდა ბელარუსის მმართველთან ურთიერთობას, უპირველეს ყოვლისა, კრემლისადმი მისი სრული დაქვემდებარების თავიდან აცილების მიზნით. პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის დროს მინსკს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც კი ეწვია.
ჟურნალისტი ანდრეი კუზნეჩიკი ბელარუსის ციხეში 2021 წლიდან იმყოფებოდა. ის თავდაპირველად წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. 2022 წლის 8 ივნისს მოგილევის რაიონულმა სასამართლომ, ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით.
კუზნეჩიკმა სასჯელის უმეტესი ნაწილი ნოვოპოლოცკის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხადა. თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჟურნალისტი მინსკის კგბ-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.
უფლებადამცველების თქმით, ბელარუსში გისოსებს მიღმა იმყოფება პოლიტიკური მოტივებით დაკავებული 1000-ზე მეტი მსჯავრდადებული.