სამხრეთ კორეის არმიის გამანადგურებლებმა შეცდომით დაბომბეს დასახლებული პუნქტი
ინციდენტი დღეს, 6 მარტს დილით მოხდა პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებისას, რომელშიც KF-16 ტიპის გამანადგურებლებიც მონაწილეობდნენ.
შეცდომით დაბომბილ დასახლებულ პუნქტში დანგრეულია საკულტო ნაგებობა და კიდევ ექვსი შენობა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ მიმართავს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ზიანის ანაზღაურებას. სარდლობის ინფორმაციით, დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.
სააგენტო Yonhap-ის ცნობით, პოლიგონზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, მიმდინარეობდა სამხრეთ კორეის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლება. მასში მონაწილეობდა 160 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები და თვითმფრინავები.