Politico: აშშ-მა საიდუმლოდ განიხილა არჩევნების თემა უკრაინის ოპოზიციასთან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვიდან ოთხმა მაღალი რანგის პირმა საიდუმლო მოლაპარაკება გამართა უკრაინის ოპოზიციასთან საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
ამის შესახებ Politico-ს უამბეს უმაღლესი რადის წევრებმა და საგარეო პოლიტიკაში რესპუბლიკული პარტიის ექსპერტმა. მათ ვინაობას Politico არ ამხელს.
გამოცემის ცნობით, საუბარი გაიმართა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თანაგუნდელებთან. მთავარი საკითხი იყო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკების წინ.
ამერიკული მხარე დარწმუნებულია, რომ უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წააგებს არჩევნებს, რადგან ხალხი ომმა დაღალა და უკმაყოფილოა „კორუფციის პარპაშით“, წერს გამოცემა.
დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ს უტოლდება, თუმცა ამგვარი მონაცემების წყარო არ გამოქვეყნებულა. ლონდონის ცენტრ Survation-ის მონაცემებით (მან სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა ამ ქვეყნის უკრაინაში მყოფ მოქალაქეთა შორის), ზელენსკის არჩევნებში მხარს დაუჭერდა 44%, პოროშენკოს - 10%, ტიმოშენკოს კი - 6%. ცენტრ „სოცისის“ გამოკითხვით, ზელენსკი არჩევნებში მეორე ადგილს დაიკავებდა 16%-ით და მას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი აჯობებდა.
მედია, კერძოდ, AP-ი თვლის, რომ ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მოწყობილი გამოკითხვების მონაცემები სანდო არაა. უკრაინაში არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არ შედგა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო.
უკრაინაში სასწრაფო არჩევნების ჩატარების მომხრეა კრემლი, რომელიც ზელენსკის „არალეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის“. ზელენსკი ამბობს, რომ მაშინვე გადადგება, როცა უკრაინას ნატოში მიიღებენ.
ომის დასრულებამდე არჩევნების გამართვის წინააღმდეგ საჯაროდ ტიმოშენკოც და იუშჩენკოც გამოდიან. მაგრამ, როგორც Politico-ს თანამოსაუბრე ამბობს, ისინი თვლიან, რომ ტრამპს მათთან მუშაობა უფრო გაუადვილდება.
ტიმოშენკოს ოფისს კომენტარი საიდუმლო მოლაპარაკებებზე არ გაუკეთებია. პოროშენკოს პარტიის თანახმად, ის მოითხოვს „სამართლიან ომის შემდგომ არჩევნებს“. შეხვედრის ამერიკელ მონაწილეებს Politico-ს შეკითხვებზე პასუხი არ გაუციათ.