„მზია ამაღლობელის შეუპოვრობაა 8 მარტის სიმბოლო“ - მედიაკოალიცია
მედიაკოალიცია წერს, რომ სწორედ მზია ამაღლობელის შეუპოვრბაა დღეს 8 მარტის სიმბოლო, ხოლო მისი მისი ცხოვრების გზა, მაგალითია უსამართლობასთან ბრძოლისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.
„მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან
დაპირისპირების ისტორიას ქმნიან. 8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს“, - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება, 4 მარტს წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
მზია ამაღლობელი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.