საია მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა უარესდება
„ეს საგანგაშო ტენდენცია მჭიდრო კავშირშია საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების მიტაცებასთან, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან, მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლასთან და ადამიანის უფლებების სისტემურ, მძიმე დარღვევებთან“.
საიას შეფასებით, პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, „ქართული ოცნება” საკანონმდებლო სივრცეს კიდევ უფრო აშორებს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ცდილობს კანონმდებლობიდან გააქროს სიტყვები „გენდერი” და „გენდერული თანასწორობა”.
„გენდერული პერსპექტივის უარყოფა ნიშნავს იმ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე თვალის დახუჭვას, რომელთა მიმართ სენსიტიურობის გარეშე წარმოუდგენელია არა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა, არამედ ასეთი ძალადობის ან უთანასწორობის სხვადასხვა ფორმების გამოვლენა და სწორად იდენტიფიცირება“, - წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტიგენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმასაც:
„2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა. პოლიცია, რომელიც გენდერულად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს, თავად გვევლინება მოძალადედ“, - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გაავრცელა, რომელშიც ის ხელისუფლებას მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქალთა უფლებების დასაცავად.
8 მარტს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ქალები საპროტესტო მარშებს გეგმავენ. წლევანდელი მსვლელობების მთავარი ლოზუნგია - „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“.