CIA-ს მაღალჩინოსნის შვილი 2024 წელს რუსეთის ჯარში მსახურობისას უკრაინაში დაიღუპა
21 წლის მაიკლ გლოსი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მაღალჩინოსნის, ჯულიან გალინა გლოსის ვაჟი, 2024 წლის აპრილში უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის მხარეს ბრძოლის დროს. ამის შესახებ რუსული გამოცემა Важные истории („მნიშვნელოვანი ისტორიები“) წერს. ჯულიან გლოსი 2024 წლის 7 თებერვალს CIA-ს ციფრული ინოვაციების დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
გამოცემა გლოსის მეგობრებს, კოლეგა აქტივისტებსა და თანამგზავრებს ესაუბრა და აღწერა, როგორ იქცა ამერიკელი სამხედროებისა და მზვერავების ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ჯერ გარემოს დამცველად, შემდეგ კი რუს ჯარისკაცად.
Важные истории-ის ცნობით, 21 წლის მაიკლ გლოსს რუსული პასპორტის მიღება და გარემოსდაცვით პროექტებზე მუშაობა სურდა. მან სწავლა მიატოვა და 2023 წლის 13 აგვისტოს საქართველოს გავლით რუსეთში მოხვდა. ჯერ ვლადიკავკაზში ჩავიდა, შემდეგ კი - მოსკოვში.
გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ გლოსი თავად მივიდა მოსკოვში, იაბლოჩკოვას ქუჩაზე მდებარე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა. მოგვიანებით ის ფრონტზე აღმოჩნდა, საჰაერო-სადესანტო ძალების შემადგენლობაში.
მაიკლ გლოსის ოჯახის თქმით, ის 2024 წლის 4 აპრილს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ნეკროლოგში არ არის ნახსენები, რომ ის უკრაინაში იბრძოდა რუსეთის მხარეს. მისი სიკვდილის დეტალები უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დროს მისი პოლკი დონეცკს უტევდა.
მაიკლ გლოსი სიკვდილიდან 8 თვის შემდეგ, 2024 წლის 21 დეკემბერს დაკრძალეს.