„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პროექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს
გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) პროექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა. როგორც უწყების პრესრელიზშია ნათქვამი, პარტია სისტემატურად არღვევს ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპს.
უწყების განცხადებით, შეფასება ინტენსიური და ყოვლისმომცველი შემოწმების შემდეგ გაკეთდა.
მანამდე AfD მემარჯვენე ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა კატეგორიაში მოიაზრებოდა. ახალი სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ პარტია არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული, რაც სპეცსამსახურებს მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, მათ შორის სატელეფონო მოსმენებსა და ინფორმატორებთან მუშაობისას, ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს.
უწყება ხაზს უსვამს, რომ AfD-ს იდეოლოგია აგებულია ხალხების ეთნიკურობის გაგებაზე და უარყოფს გერმანელების თანასწორუფლებიანობას მიგრანტებთან, განსაკუთრებით მუსლიმური ქვეყნებიდან.
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ ოფისს დაკვირვების სამი დონე აქვს: წინასწარი შემოწმება, ეჭვი და ექსტრემიზმის დადასტურება. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 2019 წლიდან წინასწარი შემოწმების ობიექტი იყო, გამოცემა Tagesschau-ს თანახმად, ახალი კლასიფიკაცია არსებითად ამკაცრებს პარტიისადმი მთავრობის დამოკიდებულებას, თუმცა ეს მოულოდნელობა არ ყოფილა.
თებერვალში პარტიამ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, რითაც თავის ისტორიაში რეკორდული შედეგი აჩვენა. თუმცა გამარჯვებული კონსერვატიული კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ბლოკის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც გერმანიის ახალი კანცლერი გახდება, განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს AfD-სთან სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის.