ჯგუფი R.E.M. რადიო თავისუფლების მხარდასაჭერად ხელახლა გამოსცემს ძველ სინგლს
ახლა კი ჯგუფმა განაცხადა, რომ 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, სინგლს ხელახლა გამოსცემს და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მოახლოებულ 75 წლის იუბილეზე მხარს დაუჭერს მაუწყებელს.
„იქნება ეს მუსიკა თუ თავისუფალი პრესა - ცენზურა ყველგან საფრთხეს უქმნის სიმართლეს. მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, მე მივესალმები რადიო თავისუფალი ევროპის მამაც ჟურნალისტებს“, - თქვა მაიკლ სტაიპმა, ჯგუფის წამყვანმა ვოკალისტმა და დამფუძნებელმა წევრმა.
რადიო თავისუფლება, აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებთან ერთად, როგორებიცაა „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფალი აზია“, „კუბის მაუწყებლობის ოფისი“ (Radio Marti) და „ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ქსელები“, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
აღმასრულებელი ბრძანების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, მედიით გავრცელდა USAGM-ის წერილი, რომ გაუქმდა კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი, რომლითაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ფინანსდება. ამ ნაბიჯს მაუწყებელი ამჟამად სასამართლოში ასაჩივრებს.
„ჩემთვის R.E.M.-ის მუსიკა ყოველთვის თავისუფლების ზეიმს განასახიერებდა: გამოხატვის თავისუფლებას, ტექსტებს, რომლებიც გვაფიქრებს და მელოდიებს, რომლებიც მოქმედებას შთააგონებს“, - თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა.
„ეს არის ჩვენი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტების მიზანი - ინფორმირება, შთაგონება და იმ თავისუფლებების დაცვა, რომლებიც ხშირად მიუწვდომელია ჩვენი აუდიტორიისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც სიმართლე აშინებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენს გასაჩუმებლად - ბლოკავენ არხებსა და ვებსაიტებს და ჩვენს კოლეგებსაც კი აპატიმრებენ“.
R.E.M.-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მაიკ მილსის თქმით, წინააღმდეგობის ეს სული ცოცხლობს იმაში, რასაც ის პროდემოკრატიული მაუწყებლობის „OG-ს" (ორიგინალურ განგსტერს) უწოდებს.
„რადიო თავისუფალი ევროპის“ ჟურნალისტები 75 წელია დიქტატორებს ნერვებს უშლიან. იცი, რომ შენს საქმეს აკეთებ, როცა სწორ მტრებს იჩენ“, - თქვა მან.
რადიო თავისუფლების ოთხი ჟურნალისტი და კონტრიბუტორი - იჰარ ლოსიკი, ნიკა ნოვაკი, ვლადისლავ იესიპენკო და ფარიდ მეჰრალიზადა - ამჟამად თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებებით პატიმრობაში არიან.
R.E.M.-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს შეზღუდული ტირაჟის ნარინჯისფერ ვინილის ჩანაწერს სინგლით Radio Free Europe. შემოსავალი რადიო თავისუფლების ფონდს გადაეცემა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.