ბუდაპეშტმა უკრაინელი დიპლომატები გააძევა მას შემდეგ, რაც კიევმა თქვა, რომ უნგრეთის ჯაშუშური ქსელი გამოავლინა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინა უნგრეთის მიერ მართული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ცდილობდა მგრძნობიარე ინფორმაციის მოპოვებას დასავლეთ ზაკარპატიეს რეგიონში, რომელიც ესაზღვრება უნგრეთს და სადაც ეთნიკურად უნგრელი მოსახლეობა ცხოვრობს.
უნგრეთმა საპასუხოდ გააძევა ორი უკრაინელი დიპლომატი - ბუდაპეშტმა ისინი ჯაშუშებად მოიხსენია. ამან გაზარდა დაძაბულობა მეზობელ ქვეყნებს შორის, რომელთა მთავრობებსაც უთანხმოება აქვთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 9 მაისს განაცხადა, რომ ზაკარპატიეში დააკავა ორი ეჭვმიტანილი აგენტი და განაცხადა, რომ მათთან დაკავშირებული პირი უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი იყო. SBU-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინამ გამოავლინა უნგრეთის ჯაშუშური ქსელი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უთხრიდა ძირს.
ამ განცხადების ფონია დაძაბულობა უკრაინასა და უნგრეთს შორის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს თბილი ურთიერთობები აქვს შენარჩუნებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ეწინააღმდეგება ევროკავშირის მხრიდან კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
კრემლის კრიტიკოსების აზრით, რუსეთი ზაკარპატიეში ეთნიკურად უნგრელებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დაძაბულობის გაღვივებას ცდილობს.
უშიშროების სამსახურის განცხადებიდან რამდენიმე საათში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა გააძევა უკრაინის საელჩოს ორი დიპლომატი, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თქვა, რომ გაძევების შესახებ შეტყობინება უკრაინის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეცა.
მანამდე, დღის დასაწყისში კი, სიიარტომ უნგრეთის ტელევიზიას უთხრა, რომ უნგრეთს უკრაინისგან ჯაშუშების საქმის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია და რომ ამ ეტაპზე „ეს უნდა კლასიფიცირდეს, როგორც პროპაგანდა, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“.
„[უკრაინაში] ფიზიკური ომის გარდა, პროპაგანდისტული ომიც მიმდინარეობს", - თქვა სიიარტომ. "ნათელია, რომ უკრაინაში ხშირად გამოიყენება ანტიუნგრული პროპაგანდა, რომელსაც ბევრ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ გააჩნია“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ და თავდაცვის სამინისტრომ რადიო თავისუფლების კომენტარის თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.
სავარაუდო ჯაშუშური ქსელის მიზანი იყო „ინფორმაციის შეგროვება ზაკარპატიეს ოლქის სამხედრო თავდაცვის შესახებ, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის დაუცველი ადგილების მოძიება და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა“, მათ შორის, თუ რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეთ მათ, „თუ უნგრეთის ძალები რეგიონში შევლენ“, - ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.
SBU-ს თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილია 40 წლის ყოფილი ჯარისკაცი ზაკარპატიეს ბერეგოვეს რაიონიდან, სადაც 100 000 ადამიანი ცხოვრობს - ბევრი მათგანი ეთნიკურად უნგრელია. უშიშროების თქმით, ის 2021 წელს დაიქირავეს და „მძინარე“ რეჟიმში მოათავსეს, შემდეგ კი, 2024 წლის სექტემბერში, „გააქტიურეს“.
SBU-მ განაცხადა, რომ მას აქვს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი აგროვებდა ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ადგილმდებარეობისა და სხვა სამხედრო შესაძლებლობების შესახებ.
მეორე დაკავებული ეჭვმიტანილი ქალია, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ყოფილი წევრი, რომელმაც თავისი ქვედანაყოფი წელს დატოვა - ნათქვამია განცხადებაში.
ეჭვმიტანილების ვინაობა არ დასახელებულა.