ასტანა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების არშეშვების შემთხვევების ზრდაზე
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში არშეშვების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გავრცელდა 14 მაისს, თბილისში ქართულ მხარესთან გამართული საკონსულო კონსულტაციების შემდეგ.
"ყაზახურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შესვლაზე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ხშირი უარისა და შემდგომი დეპორტაციის შემთხვევების გამო“, - იტყობინება სამინისტრო.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყაზახეთის მოქალაქეების უმეტესობა საქართველოს ტურისტული მიზნით სტუმრობს და მკაცრად იცავს მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას, იტყობინება სააგენტო "newsgeorgia".
თავის მხრივ, ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, წელს მაისის დასაწყისიდან შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა „მნიშვნელოვნად შემცირდა“. თბილისში ირწმუნებიან, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და ასევე გამოთქვეს მზადყოფნა ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე.
კონსულტაციების მიმდინარეობისას ასევე განიხილეს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ურთიერთქმედების, სისხლის სამართლის თანამშრომლობისა და პირთა ექსტრადიციასთან დაკავშირებული საკითხები.
ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის ხელმძღვანელობით. ყაზახეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბაუირჟან დოსმანბეტოვი.
საერთაშორისო ვიზიტების კუთხით, ყაზახეთი ტოპ ათ ქვეყანას შორისაა. 2025 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოში 958 947 საერთაშორისო ტურისტი ჩამოვიდა, მათგან 21 625 ყაზახეთიდან.