ზელენსკიზე „ბუტაფორიული დონის" შთაბეჭდილება დატოვა პუტინის მიერ სტამბოლში გაგზავნილმა დელეგაციამ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი ჩავიდა ანკარაში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. დღესვე სტამბოლში უნდა დაიწყოს უკრაინის და რუსეთის ოფიციალური პირების მოლაპარაკება, რომელზეც მოსკოვის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
ანკარაში ჩასვლის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში უკრაინიდან იმყოფება ყველაზე მაღალი დონის დელეგაცია - მისი ოფისი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედროები, დაზვერვის წარმომადგენლები იმისათვის, რომ მიღებული იყოს სამართლიანი მშვიდობის მოსაღწევად საჭირო ნებისმიერი გადაწყვეტილება და კონტაქტი აქვთ ამერიკულ მხარესთან, რომელიც თურქეთში ასევე, მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება კრემლის მიერ გამოცხადებულ დელეგაციას, უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, „ის უფრო ბუტაფორიულ დონეს ჰგავს“.
ზელენსკის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოანთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტენ, რა ნაბიჯები გადაიდგმება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასარკვევია რა მანდატი აქვს რუსეთის დელეგაციას და შეუძლია თუ არა რაიმეს გადაწყვეტა, რადგან ყველასთვის ცნობილია, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს.
რუსეთის დელეგაციაში, რომელმაც სტამბოლში მოლაპარაკებები უნდა გამართოს უკრაინის ოფიციალურ პირებთან, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკისთან ერთად არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და „ექსპერტთა შემადგენლობა".
კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა გამორიცხა თურქეთში, მოლაპარაკებებში პუტინის მონაწილეობა. ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის შეკითხვას, არის თუ არა მოლაპარაკებაში რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობის ალბათობა, პესკოვმა უპასუხა, რომ არა.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.