საქართველოს პატრიარქი ლეო XIV-ს ულოცავს რომის პაპად არჩევას
“წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის”, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პატრიარქის ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პატრიარქი ულოცავს ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას.
„როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების, - პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენს შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს.
მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები.
შევთხოვ უფალს, წარმატებულ - ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც. ძმური სიყვარულით“, - წერია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს წერილში, რომელიც 18 მაისს გამოქვეყნდა.
ვატიკანში რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. მედიის ცნობით, ცერემონიას ასიათასობით ადამიანი დაესწრო.
ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ინაუგურაციას ესწრებიან მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.
რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი ცოლი.
კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.
რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.