ჯო ბაიდენს კიბო აქვს
ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო აქვს.
ექსპრეზიდენტის ოფისის მიერ 18 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს და ძვლებში მეტასტაზის დიაგნოზი პარასკევს, 16 მაისს დაუსვეს.
ბაიდენის ოფისის თანახმად, აგრესიული ფორმის მიუხედავად დაავადება ჰორმონებისადმი მგრძნობიარეა, რაც შესაძებელს ხდის ეფექტიან მკურნალობას და ჯო ბაიდენი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად განიხილავენ მკურნალობის ვარიანტებს.
ჯო ბაიდენს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2021 წლის 20 იანვრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ნოემბერში 83 წელი შეუსრულდება.
ჯო ბაიდენს 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრა სურდა. დემოკრატები შიშობდნენ, რომ ბაიდენი თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლებდა რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდებოდა.
2024 წლის 27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.
21 ივლისს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.
2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დამარცხდა.