მიმდინარეობს ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი - მედიის ცნობით, მანამდე ტრამპი ზელენსკის ესაუბრა
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს - დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.
სიენენის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ამ ინფორმაციის წყაროდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი სახელდება.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერვე წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს 19 მაისს ჯერ ვლადიმირ პუტინთან უნდა ესაუბრა და შემდეგ იყო დაგეგმილი მისი საუბარი ზელენსკისთან და ნატოს წევრებთან.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი აპირებს ჰკითხოს პუტინს "სერიოზულად" უდგება თუ არა ის უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხს:
"ვფიქრობ, პრეზიდენტი [ტრამპი] აპირებს ჰკითხოს პრეზიდენტ პუტინს - სერიოზულად ფიქრობ? რეალურად უდგები ამ საკითხს? ...დიდძალი ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობების გალღობას, თუმცა შენ ვერ მიიღებ სარგებელს, თუკი გააგრძელებ უდანაშაულო ადამიანების ხოცვას".
18 მაისს რომში შედგა შეხვედრა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
17 მაისს დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის განზრახვაზე, დაწერა ზუსტი დროც (19 მაისი, დილის 10:00 საათი ვაშინგოტნის დროით) და დაწერა საუბრის საგანი: „ამ სატელეფონო საუბრის თემები იქნება სისხლისღვრის შეჩერება, რომელსაც კვირაში საშუალოდ 5000 რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი ეწირება და ვაჭრობა“. იმავე პოსტში ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ 19 მაისის ორშაბათი „პროდუქტიული დღე იქნება, ცეცხლის შეწყვეტა შედგება და ეს ძალიან ძალადობრივი ომი - ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“.