რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ევროკავშირისგან მიიღებს 5,5 მილიონი ევროს დახმარებას
ევროკავშირი 5,5 მილიონი ევროს მოკლევადიან, საგანგებო დახმარებას გაუწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას(RFE/RL). ამის შესახებ 20 მაისს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
კალასის განმარტებით, რადიო თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს გასაგრძელებლად თანხას მიიღებს დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდიდან. როგორც კაია კალასმა თქვა, დღევანდელ ეპოქაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ამჟამად ევროკავშირი ვერ შეძლებს რადიო თავისუფლების დაფინანსების დეფიციტის სრულად შევსებას, მაგრამ შეუძლია მის საქმიანობას დაეხმაროს ევროკავშირის სამეზობლოში. მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამასთან, კალასმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი შეძლებს რადიო თავისუფლებისთვის გრძელვადიანი დახმარების გაწევასაც.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა ევროკავშირს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. კაპუსის თქმით, კაია კალასის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის და სხვა პოლიტიკოსების ძალისხმევით ორგანიზაცია შეძლებს ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას და ამასთან, გააგრძელებს აშშ-ისგან კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის მოთხოვნას.
კორპორაციის პრეზიდენტის განცხადებით, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება საფრთხის წინაშე იქნება, სანამ ეს თანხა მის განკარგულებაში არ აღმოჩნდება.
გლობალური მედიის სააგენტოს(USAGM) დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.