სასამართლოსთან 3 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის "წყლის ჭავლზე მოხტუნავე" სალომე კენჭიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, რომლის გამოც დილიდან ჩაკეტილია სასამართლოს ეზო და შეზღუდულია შენობაში ადამიანების შესვლა და მედიის მუშაობა, სავარაუდოდ სამი ადამიანი დააკავეს. მათგან ორი ქალი აქტივისტი,სალომე კენჭიაშვილიდა ალბი კორძაია არიან. მესამე დაკავებული, რომელიც აქტივისტი ქალების დაკავებამდე სასამართლოს ეზოსთან დააკავეს, კაცია, რომლის ვინაობასაც რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
სალომე კენჭიაშვილისა და ალბი კორძაიას სავარაუდო დაკავება ჩანს ალბი კორძაიას ლაივ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია სასამართლოსთან ახლომდებარე კვების ობიექტში, სადაც ისინი ყავის დასალევად იყვნენ შესულები. ერთ-ერთი პოლიციელი კორძაიას ეუბნება, რომ ყავა აიღოს და ტერიტორია დატოვოს.
„ვდგავარ აქ იმისთვის რომ ყავა დავლიო, მოქალაქე ვარ და სადაც მინდა იქ დავლევ ყავას, თქვენ თავი მართლა რუსეთში ხომ არ გგონიათ?!“ - მიმართა ალბი კორძაიამ პოლიციელებს.
მოგვიანებით, როცა აქტივისტებმა ყავა აიღეს, ვიდეოში ისმის, სავარაუდოდ, პოლიციელის ხმა -„აიღე შენი ყავა და დატოვე“, რაზეც ალბი კორძაია პასუხობს: „არა, ხელი გამიშვი“, მალევე ჩანაწერი წყდება.
სალომე კენჭიაშვილის დის ინფორმაციით, დაკავებულები აეროპორტის გზაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობაში არიან გადაყვანილები.
სამინისტროს პრესსამსახური მასალის გამოქვეყნების დროს არ აკონკრეტებს რა მუხლით არიან დაკავებულები და არც მათი ადგილსამყოფელის ან ვინაობის შესახებ გასცემს დეტალებს. უწყებისგან კითხვებზე პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.
ზურა გირჩი ჯაფარიძის სასამართლო სხდომა დღეს 3 საათზე იყო დანიშნული - ის თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაპატიმრებას ელოდება. სასამართლო პროცესი, რომელიც ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს, მედიისთვის და საზოგაოდოებისთვის მაქსიმალურად დახურულ რეჟიმში იმართება - მედიას კამერებით შესვლის უფლება არ მიეცა, დარბაზში კი სადაც პროცესია, მხოლოდ 15 ადამიანი ეტევა.