აქტივისტ მარიამ სიჭინავას ანგარიშები დაუყადაღეს მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა
ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს - ამ ფაქტს ის უკავშირებს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს.
სიჭინავას თქმით, მას რამდენიმე ათასის ოდენობის გადაუხდელი ჯარიმები დაუგროვდა და ანგარიშები ამის საფუძველზე დაუყადაღეს, თუმცა სახელმწიფოს მისი ანგარიშების დაყადაღების უფლება არ ჰქონდა, რადგან მისი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა.
"ვამოწმებ და არა, მკვდრეთით არ აღმსდგარა ჩემი შვილის მამა!
ხვალინდელი სასამართლოსთვის ემზადებიან, 13:00 საათზე ჩანიშნეს", - წერს ის ფეისბუკში.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას მას შემდეგ უჩივლა, რაც ის და კიდევ ერთი აქტივისტი, კერენ ესებუა, ირაკლი ზარქუას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
„სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას.
თავის მხრივ, ზუგდიდელმა აქტივისტებმაც უჩივლეს ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს, რომელმაც ესებუას ტელეფონი გააგდებინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აქტივისტების წინააღმდეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც ითვალისწინებს 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას. გამომდინარე იქიდან, რომ მარიამ სიჭინავა მისთვის დაკისრებულ ჯარიმებს არ იხდის და საქმის მასალებს თან გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია აქვს დართული, აქტივისტი ფიქრობს, რომ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებს.