ლავროვი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების ვატიკანში გამართვა „არაელეგანტური" იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არარეალისტურად მიიჩნევს უკრაინის წარმომადგენლებთან ვატიკანში შეხვედრას. ამის შესახებ დღეს, 23 მაისს იუწყება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“.
სააგენტოს ცნობით, მოსკოვში, „ისტორიული სამხრეთრუსული მიწებისადმი“ მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას ლავროვმა განაცხადა, რომ „ცოტა არაელეგანტურიცაა“ მართლმადიდებელი ქვეყნები კათოლიკურ მოედანზე განიხილავდნენ კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრას, რომელთა შორისაა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „განადგურებაც".
რომის პაპმა ლეო XIV-მ 14 მაისს განაცხადა, რომ ვატიკანი მზად არის უკრაინისა და რუსეთის პირისპირ მოლაპარაკებას უმასპინძლოს. ვატიკანი მოლაპარაკების პოტენციურ ადგილად დაასახელეს აშშ-ის და ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებმაც.
გამოცემა Bloomberg-ის წყაროთა ცნობით, რუსეთს უკრაინასთან ტექნიკური მოლაპარაკებების გაგრძელება ისევ სტამბოლში სურს.
მოლაპარაკებების პროცესში ვატიკანის შესაძლო ჩართვა არ მოსწონს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას უკრაინაში „ისტორიულ მეტოქედ“ მიიჩნევს.
16 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა თურქეთის ქალაქ სტამბოლში. მხარეები შეთანხმდნენ ტყვეთა გაცვლაზე პრინციპით: 1000/1000.
22 მაისს ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს სამხედრო ტყვეების სიები.
სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებიდან სამ დღეში, 19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამ საუბრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.