შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსებში გირაოს არგადახდა „ბრიუსელმა წააქეზა“
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე „თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“. ასე შეაფასა მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილება, დათანხმებოდა პროკურატურის მოთხოვნას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებაზე.
„საკითხი მარტივია, სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი ყველამ იცოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის. ზუსტად იცოდა, მის მიმართ მოთხოვნა რა არის. ასევე ის აღიარებს, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი. შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა, აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს. ასე რომ, თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამიტომ, აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია“, - თქვა პაპუაშვილმა.
ის ამბობს, რომ კანონისადმი დაუმორჩილებლობა და ძალადობა ბრიუსელმა წააქეზა:
„მე შეგახსენებთ, საერთოდ ვინ წააქეზა ეს პროცესები. ნიკა მელიაა კარგი მაგალითი. შეგახსენებთ 2021 წელს, როდესაც ბრიუსელი იყო, ვინც წააქეზა ამ ქმედებებში. გახსოვთ, რომ ბრიუსელმა გადაუხადა გირაო მისი დაუმორჩილებლობის გამო და ამით წააქეზა საქართველოში ასეთი ტენდენციები კანონის დაუმორჩილებლობისა და ძალადობისა. ბრიუსელი იყო ამისი მონაწილე“.
შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ აღძრა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ მაშინ, როცა მსგავსი მუხლი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც:
„კვალიფიკაცია ამა თუ იმ ქმედების პროკურატურის საქმეა, რომელსაც შემდეგ სასამართლო წყვეტს. პროკურატურამ და სასამართლომ ერთობლივად იმსჯელეს ამასთან დაკავშირებით... მთავარი პრინციპი ავიწყდებათ, რომ ყველაზე გვიანი კანონი უპირატესია, ვიდრე წინა კანონი. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ გადაცდომასა და სისხლის სამართლის კონკურენციაში აქაც მარტივია პასუხი... ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც წერია, თუ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსი“.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადეს ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურა ჯაფარიძემ. ორივე მათგანი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც ნიკა გვარამია და ნიკა მელია.