„41-ის კანტორის ხალხმა გადაიხადეთ ეს ფული“ - გერმანიის ელჩის შეურაცხყოფისთვის ვალერი ქოჩიაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
მომხდარის გამო სასამართლოს პოლიციამ მიმართა 23 მაისს. ვალერი ქოჩიაშვილს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი).
დაჯარიმების შესახებ ვალერი ქოჩიაშვილმა სოციალურ ქსელ ტიკტოკში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ჯარიმის თანხის შეგროვებას გამომწერები სთავაზობენ, რისი საჭიროებაც არ არის, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებას "უსამართლოდ" აფასებს და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", მიმართავს, მათ გადაუხადონ ჯარიმის თანხა.
"ეს რას ნიშნავს, რომ გავჩუმდეთ და პირში წყალი ჩავიგუბოთ? ათას ლარს როგორმე გადავიხდი და შევუვსებთ როგორმე 41-ს ("ქართული ოცნების" პარტიული ნომერი) ბიუჯეტს, მოდით ახლა 41-ის კანტორის ხალხმა და გადაიხადეთ ეს ფული რა, პრეცედენტი გააკეთეთ ერთი რა, ასე არ შეიძლება, არ არის ეს ლამაზი. მე ჩემი გულისტკივილი გამოვხატე ქვეყნის გამყიდველების და ქვეყნის აგენტურის საწინააღმდეგოდ. ე.ი. გავჩუმდე? აღარ ვილაპარაკო? რომ შემხვდებიან არაკაცები და ჩამოთრეული ჯანდაბები, არაფერი არ ვუთხრათ? და დედის პრ...ები აღარ ვაგინოთ და შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი ველაპარაკოთ? ... უსამართლობაა", - ამბობს ვალერი ქოჩიაშვილი ვიდეოში.
18 მაისს ბათუმში ვალერი ქოჩიაშვილის მხრიდან ელჩისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო - რომელიც ქოჩიაშვილმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში - პროსახელისუფლებო არხების საშუალებით გავრცელდა მანამ, სანამ საელჩო ამ ფაქტს დაადასტურებდა. ელჩი ბათუმში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად იყო ჩასული ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად.
მომხდარს გერმანიის ელჩიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "ძალიან არაქართული საქციელი იყო".
ელჩის ამ კომენტარს წინ უსწრებდა ფაქტის დადასტურება საელჩოს მხრიდან. აქცენტი იყო იმაზე, რომ პეტერ ფიშერზე თავდასხმის ადგილას პოლიცია არ ყოფილა.
"საელჩო მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - ამ ტექსტით დაუდასტურა საელჩომ მედიას 20 მაისს ელჩთან დაკავშირებული ინციდენტი.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის მიმართ გინებას „შეწუხება“ უწოდა.