გადაიდო აქტივისტ დავით ქაცარავას სასამართლო სხდომა
მოსამართლე დავით თეთრაშვილმა 20 ივნისის 15:00 საათამდე გადადო აქტივისტის, "ანტისაოკუპაციო" მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას სასამართლო სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.
12 ივნისის სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ არც დავით ქაცარავა და არც მისი ინტერესების დამცველი.
მოსამართლემ თქვა, რომ ვინაიდან დავით ქაცარავა სხდომაზე არ გამოცხადებულა და ასევე ვერ მოხერხდა მასთან ტელეფონზე კომუნიკაცია, "გამორთულია, ვერც უწყება ვერ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომა უნდა გადაიდოს 20 ივნისს 15:00 საათამდე, რის შესახებაც ქაცარავას უნდა ეცნობოს კანონით დადგენილი წესით".
სასამართლოში თავის საქმეზე დანიშნული სხდომის შესახებ ინფორმაცია დავით ქაცარავამ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა 11 ივნისს. მას არ დაუწერია, კონკრეტულად რომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო იყო დაბარებული სასამართლოში.
"ხვალ ქოც-სასამართლო მიბარებს. ვვარაუდობ, რომ ამჯერად ჩემს ფეისბუქ აქტივობის გამო. დობრი ვეჩერ, გრუზინსკაია სსრ", - დაწერა მან ფეისბუკპოსტში.
მედიისთვის საქმის მასალების მიწოდებაზე უარი თქვა შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლოში - არგუმენტით, რომ ქაცარავას თანხმობის გარეშე არ აქვს ინფორმაციის გაცემის უფლება.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფის" საქმეზე 20-მდე ადამიანის სასამართლო სხდომები იყო დანიშნული. შუადღისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაიდო პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანის, უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელ ბაია პატარაიას სასამართლო სხდომები.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში.
17316_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.
მიმდინარე სამართალწარმოებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის შეფასება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებებისთვის პოსტის ავტორების სასამართლოში დაბარებაზე ასეთია:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.
დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან.“
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისის განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას - მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.