ალეკო ელისაშვილი საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს და 500 ლარით დააჯარიმეს
პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო 500 ლარით დააჯარიმა. ის სხვა არაერთი პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის მსგავსად, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დაიბარეს სასამართლოში - შსს მას ფეისბუკპოსტით ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფას ედავება.
„მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ჩემს ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ვუთხარი, ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-თქო, მიპასუხა: არაო. ამდენი დრო არ მაქვსო ამ მილდერბერგერმა. კი, ხალხი გყავს „პაჩკა- პაჩკა“ დასაჭერი-მეთქი, ვუთხარი და ამის გამო გამომაგდეს. კიდევ ერთი ფრაზაც მივამატე და დამაჯარიმეს კიდეც“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ, რაც ის სასამართლო სხდომიდან გააძევეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში შემდეგი ადამიანების საქმეები განიხილება.
ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი;ვახო სანაია - ჟურნალისტი;ვიკა ბუკია - ჟურნალისტი;დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი;ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი;მიშა მშვილდაძე - ჟურნალისტი;თამარ ჩერგოლეიშვილი - პოლიტიკოსი;ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი;ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი;ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსი;ანა სუბელიანი - აქტივისტი;ბაია პატარაია - აქტივისტი;დავით ქაცარავა - აქტივისტი;გიორგი ქადაგიძე - აქტივისტი;ქეთი მოლაშვილი - აქტივისტი;ირაკლი გვალია - აქტივისტი;მარიამ გეგუჩაძე - აქტივისტი;გიგა მაქარაშვილი - აქტივისტი;გიორგი ტუმასიანი - აქტივისტი.17316_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.
მიმდინარე სამართალწარმოებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის შეფასება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებებისთვის პოსტების ავტორების სასამართლოში დაბარებაზე ასეთია:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.
დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან.“
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას - მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.