ნინო ღვინიაშვილი - 17 წელი გადასახლებაში
ნინო ღვინიაშვილი მძიმე ბედის ლამაზი ქალი იყო. მას დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, 2 წელი ციხეში იჯდა, 17 - გადასახლებაში გაატარა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მისი უდანაშაულობა აღიარა, ნინო უკვე მოხუცი და ცალი თვალით დაბრმავებული იყო.
ოთხი არტისტი მღვდლის ოჯახიდანნინო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, 1898 წელს, დაიბადა. ოჯახში უფროსი შვილი იყო. თელაველ მღვდელს, ლევან ღვინიაშვილს, მის გარდა, ოთხი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავდა. ერთი გოგონა და ვაჟი ბავშვობაშივე დაიღუპნენ, დანარჩენები: ნინო, თინათინი, ქეთევანი და ალექსანდრა მსახიობები გამოვიდნენ.
ლევანი თელავში ღვთაების ეკლესიის დეკანოზი იყო. ეს ტაძარი ძალიან ძველია, მეხუთე-მეექვსე საუკუნეების.
„ცნობილი ფაქტია, რომ სტალინის დროს, როდესაც ეკლესიებს ზარებს ხსნიდნენ, ჩემმა დიდმა პაპამ არ დაანება“, - ამბობს ნინო ღვინიაშვილი, იმ ნინო ღვინიაშვილის შვილიშვილი, რომლის შესახებაც ახლა ვყვებით.
ნინო თელავის პირველ გიმნაზიაში სწავლობდა. ერთხელ, როდესაც კლასელთან დერეფანში ქართულად საუბრობდა, ზედამხედველმა შენიშვნა მისცა, ძაღლის ენაზე ნუ ლაპარაკობო. ნინომ უპასუხა: „ჩვენთან მიყრუებულ სოფელშიც კი ძაღლს სწორედ რუსულად ეუბნებიან „პაშოლ“.
გოგო სკოლიდან გარიცხეს. ამავე გიმნაზიაში, თუმცა უფროს კლასში სწავლობდა მომავალი რეჟისორი სანდრო ახმეტელიც. უშუამდგომლა ნინოს და მისი მეშვეობით გოგომ სწავლის გაგრძელება შეძლო. მეტიც, როდესაც გიმნაზია დაასრულა, წარჩინების ნიშნად ორი ლარნაკიც კი აჩუქეს.
სადილი შეთქმულებისთვის1917 წლიდან 1923 წლამდე ნინო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც ბოლშევიკების წინააღმდეგ პარტიზანულად იბრძოდა, რაზმთან ერთად ტყეს იყო შეფარებული. ნინოს და თინათინს შეფიცულებთან მალულად საჭმელი და პაპიროსი მიჰქონდათ. მეამბოხეები დაიჭირეს და გიგოს გორაზე დასახვრეტად წაიყვანეს, მათ შორის - დები ღვინიაშვილებიც.
გიგოს გორა თელავის აღმოსავლეთით მდებარეობს, იმ დროს ის იყო მიყრუებული ადგილი, სადაც ბოლშევიკები ხალხს ხვრეტდნენ.
„არა მარტო გორაზე, არამედ მის ასასვლელშივე დიდი სამარხი იყო მოწყობილი. ეს იმითაც დასტურდება, რომ შემდეგ იქ აშენებული სახლების საძირკველში ადამიანის ძვლები აღმოჩნდა“, - ამბობს ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი რადიო თავისუფლებასთან.
მაგრამ მაშინ გოგოები გადარჩნენ.
„ლევანმა რომ დაინახა, მისი ორი ქალიშვილი დასახვრეტ ხალხთან ერთად მიჰყავდათ, ერთბაშად გათეთრდა. მაგრამ მაშინ ქალებს არ ხვრეტდნენ და მეტეხის ციხეში ჩაყარეს. ორი წელი იქ ისხდნენ“, - იხსენებს ნინო.
მეტეხის ციხიდან თეატრშიციხიდან გამოსული დები თეატრს დაუბრუნდნენ. ნინო ღვინიაშვილი რუსთაველის თეატრში სუფლიორად მუშაობდა სანდრო ახმეტელთან, რომელსაც უკვე კორპორაცია „დურუჯი“ ჰქონდა ჩამოყალიბებული.
ვასილ კიკნაძე თავის წიგნში „სანდრო ახმეტელი“ წერს: „დურუჯი“ იყო თანამოაზრეთა გაერთიანება, რომელიც ხელმძღვანელობდა თეატრის მთელ შემოქმედებით და ორგანიზაციულ ცხოვრებას, უპირისპირდებოდა სოციალისტური იდეოლოგიის სტრუქტურების შექმნას, მაგ: პარტუჯრედი, კომკავშირი. მისი მიზანი იყო ქართული თეატრის სრული დამოუკიდებლობა შემოქმედებაში“.
საბჭოთა პერიოდშიც კი სანდრო ახმეტელი ეროვნულ თეატრს ქმნიდა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ტრაგიკომედიას, ქართველი კაცის უნარს, ეცინა მაშინაც კი, როდესაც შავი დღეები ედგა. „სიცილი და ხარხარი – უდიდესი პროტესტია ქართველისა“, - ამბობდა ის.
„სანდრო ახმეტელი დაიჭირეს. „დურუჯის“ 13 წევრი, მათ შორის სამი ქალი: ნინო ღვინიაშვილი, სანდრო ახმეტელის მეუღლე თამარ წულუკიძე და მსახიობი ბუჟუჟა შავიშვილი მაგადანის გზას გაუყენეს“, - ჰყვება ნინო ღვინიაშვილი.
ნინო დააპატიმრეს 1936 წლის 21 ნოემბერს. მას ბრალად ნაციონალისტური საქმიანობა ედებოდა. გადაასახლეს. ბუჟუჟას, რომელიც სცენაზე კომედიურ როლებს ასრულებდა, მაგადანამდე არ მიუღწევია, გზაში, ნინოს კალთაში მოკვდა.
გადასახლება და დაბრუნებამაგადანში ნინოს დღეში 10 კუბური მეტრი შეშის დამზადება ევალებოდა. ერთხელაც ნაფოტი ასხლტა და ცალი თვალი ამოუგდო.
გადასახლება 17 წელს გაგრძელდა. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნინო საქართველოში დაბრუნდა. შვილი ოთარი, რომელიც 13 წლის დატოვა, უკვე ცოლშვილიანი დახვდა.
„მამა იხსენებდა, [ნინოს წაყვანისას] ღამე მოცვივდნენ, კედლიდან საქართველოს რუკა ჩამომიგლიჯეს და სკოლის ჩანთა გადმომიბრუნესო. ნინო რომ გადაასახლეს, მისმა მეუღლემ შვილზე უარი თქვა. მამა და ბებია (დეკანოზ ლევანის ცოლი) მარტოები დარჩნენ. ფილარმონიის უკან, მაშინდელ ღამბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. იქვე ცხოვრობდა ცნობილი მსახიობი მაკო საფაროვაც. მაკო [ბავშვს] ჩუმად აწვდიდა საჭმელს“, - იხსენებს ნინო ღვინიაშვილი.
გადასახლებიდან დაბრუნებული ქალი ჯერ თელავში ჩავიდა, მაგრამ 17 წლის უნახავ შვილთან ვერ გაჩერდა და თბილისში, დედასთან გადაბარგდა.
„სტუდენტი რომ გავხდი, ორი წელი მასთან ერთად ვცხოვრობდი გრიბოედოვზე. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო. ხომ ჩამოვიდა ცალი თვალით და გატანჯული, მაგრამ მე წამოწოლილი არ მინახავს. ერთხელ, რადიო ხელს მიშლიდა და გამოვრთე. ის ცალი თვალი დამიბრიალა, შენო, როგორო, არ გინდა და გესმისო. ანუ, თუ არ გინდა, არც უნდა გესმოდესო“, - იხსენებს მისი შვილიშვილი.
ნინო ღვინიაშვილს 1956 წელს რეაბილიტაციამაც მოუსწრო და ბინაც მისცეს. ის 1971 წელს 73 წლისა გარდაიცვალა.
„ნაცნობები რომ ეკითხებოდნენ, რამდენად ღირდა სანდროსთვის ამდენი წლისა და ცალი თვალის დაკარგვა, პასუხობდა, რომ დასჭირვებოდა ქართულ თეატრს, მეორე თვალსაც ამოვითხრიდიო, - ამბობს ნინო, - არ ნანობდა არაფერს. ეს ცოტა სხვა თაობა იყო, ძალიან სხვანაირი ხალხი“.