ისრაელზე ირანის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ქალი, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი
ისრაელის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ირანის რაკეტის აფეთქების შედეგად, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამოვარდა ქალაქ რიშონ ლეციონში, თელ-ავივის სამხრეთით.
CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია პარამედიკოსთა დიდი ჯგუფი. ისინი უწყებიან, რომ იქ დახვდათ დანგრეული შენობები და ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი.
„ეს რთული და კომპლექსური შემთხვევაა. კვლავ ვაგრძელებთ ტერიტორიის შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ შენობებში აღარ არიან სხვა დაშავებულები“, - აცხადებს აიალონის რეგიონალური გადაუდებელი სამსახურის მოადგილე რამი მუშერი.
დაშავებულთაგან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ექიმები მძიმედ აფასებენ რამდენიმე მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო დანარჩენები – მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით არიან დაშავებული.
Reuters-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაზიანებული სახლის სახურავი და ადგილზე მომუშავე ათეულობით მაშველი და სამხედრო პირი.
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.