საქართველოს აეროპორტებიდან 14 ივნისს 19 ავიარეისი გაუქმდა
ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა.
როგორც რადიო თავისუფლებას TAV Georgia-ში უთხრეს, შეჩერებულია ფრენები რამდენიმე მიმართულებით.
თბილისიდან საერთაშორისო აეროპორტიდან 14 ივნისს გაუქმდა 15 ავიარეისი, მათ შორის, აბუ-დაბის, შარჟის, ერბილის, დელის, დუბაისა და თელ-ავივის მიმართულებით.
4 რეისი გაუქმდა ბათუმის აეროპორტიდან, მათ შორის, ორი ისრაელის, ერთი ირანისა და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით.
ავიარეისები თბილისიდან და ბათუმიდან გაუქმდა 13 ივნისსაც. გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 მიმართულებით არ შესრულდა ფრენები.
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.
ავიადარტყმების ქვეშ მოხვდა 13-14 ივნისის ღამეს თელ-ავივი, სადაც დაშავდა სულ ცოტა 35 ადამიანი. 14 ივნისს, დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ განხორციელებულ ავიაშეტევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.