ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ირანელ ხალხს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანელი ხალხისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად განადგურდა ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურანის გამამდიდრებელი ყველაზე დიდი ობიექტი.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ გავანადგურეთ უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაურები და წამყვანი ბირთვული ფიზიკოსები. და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - ამბობს ნეთანიაჰუ.
ის მოუწოდებს ირანელებს, რომლებსაც "ამაყ ხალხად" მოიხსენიებს, აღუდგნენ თავიანთ მთავრობას და დაიწყონ ბრძოლა თავისუფლებისთვის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი იბრძვის არა ირანელი ხალხის, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგ.
„ისლამური რეჟიმი, რომელიც უკვე თითქმის 50 წელია გდევნით, იმუქრება ჩვენი ქვეყნის - ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით. ისრაელის ოპერაციის მიზანი იმ საფრთხის აღკვეთაა, რასაც ირანის ბირთვული პროგრამა და ბალისტიკური რაკეტები ქმნის“, - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.
ავიადარტყმების ქვეშ მოხვდა 13-14 ივნისის ღამეს თელ-ავივი, სადაც დაშავდა სულ ცოტა 35 ადამიანი. 14 ივნისს, დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ირანის რაკეტის აფეთქების შედეგად, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამოვარდა ქალაქ რიშონ ლეციონში, თელ-ავივის სამხრეთით.