დონალდ ტრამპი: "მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის!"
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელმა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმება უნდა დადონ.
„ისევე როგორც მე დავარწმუნე ინდოეთი და პაკისტანი, ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გამოყენებით, რომ ორი შესანიშნავი ლიდერის მოლაპარაკებებში გონიერება, ერთიანობა და საღი აზრი შემეტანა და მათ შეძლეს სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება და შეჩერდნენ!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ისრაელი და ირანიც მალე შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას:
„ასევე, მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის! ახლა ბევრი ზარი ხორციელდება და შეხვედრა იმართება. ბევრს ვაკეთებ და არასდროს მიმიღია აღიარება რაიმესთვის, მაგრამ არა უშავს, ხალხი ხვდება. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული!“.
ამავე პოსტში ტრამპმა თავის დამსახურებად წარმოაჩინა როგორც სერბეთსა და კოსოვოს შორის ომის თავიდან აცილება მისი პირველი პრეზიდენტობის ვადაში, ასევე ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის კონფლიქტის დასრულება. როგორც ექსპერტები განმარტავენ, სინამდვილეში ეს კონფლიქტი არ მოგვარებულა, მხარეებს ჯერ კიდევ აქვთ პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ.
ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ პუტინს შეუძლია ისრაელ-ირანის კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს. „ის მზადაა. მან დამირეკა ამის შესახებ. ჩვენ ამაზე დიდხანს ვისაუბრეთ“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
კვირას, 15 ივნისს, ისრაელმა და ირანმა განაგრძეს საჰაერო დარტყმების გაცვლა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანი დაბომბეს, რის შემდეგაც ირანის დედაქალაქში ხანძარი დაიწყო. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად სულ 128 ადამიანი დაიღუპა და 900 დაიჭრა.
საპასუხოდ, ირანმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა ისრაელის ტერიტორია, სადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა.