აშშ ინარჩუნებს 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას
ჯო ბაიდენმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ 2001 წლის 14 სექტემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლითაა გაგრძელებული, რადგან ტერორისტული საფრთხე ჯერ ისევ არსებობს.
2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ-ყაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავებით თავდასხმები განახორციელეს ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებზე და ვაშინგტონთან მდებარე პენტაგონის შენობაზე. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმების შემდეგ, აშშ-მა „ალ-ყაიდას“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ერაყსა და ავღანეთში. „ალ-ყაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ამერიკელმა სპეცრაზმელებმა 2011 წლის მაისში, პაკისტანში მოკლეს.