ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პროკურორმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ბრალდებულმა გაანადგურა მტკიცებულებების ნაწილი, მაგალითად, იმ დანის, რომლითაც მურსაკულოვმა დანაშაული ჩაიდინა, გამოძიებამ მხოლოდ ტარი იპოვა, მისი პირი მან გადააგდო.
"აღსანიშნავია, რომ მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები იძლევიან მნიშვნელოვან ჩვენებებს და მაღალია მათზე ზემოქმედების საფრთხე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ის ნასამართლევია, ნასამართლეობის დროს მის მიმართ გამოყენებული იქნა სხვადასხვა შეღავათები, მაგრამ მან ამის მიუხედავად, კვლავ ჩაიდინა ამ ტიპის დანაშაული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იგი მიდრეკლია დანაშაულის ჩადენისკენ. თავად ის დანაშაული, რაშიც მას ბრალი ედება, მიუთითებს, რომ მას არ აქვს მორალური ბარიერები, არ ჩაიდინოს ამ ტიპის დანაშაული" - თქვა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.
თავად მურსაკულოვი, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, ადასტურებს, რომ წარსულში მუშაობდა "ქართულ ოცნებაში" "უბნის უფროსად". მისმა უფლებადამცველმა იმის არგუმენტად, რომ არ არსებობდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების საჭიროება, თქვა, რომ ბრალდებული სამსახურში პასუხისმგებლიანი პირი იყო.
რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი საუბრობს იმაზეც, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, სხვადასხვა პირების ჩვენებისა და ვიდეოკამერებიდან ამოღებული ჩანაწერების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ მტკიცდება. საქმეში არსებობს ბრალდებულის ოჯახის წევრების ჩვენებებიც, რომლებიც სავარაუდოდ მის ბრალეულობაზე მიანიშნებს, ადვოკატის თქმით, ისინი არაპირდაპირი მოწმეები არიან და მათი ჩვენებების ღირებულება დაბალია.
"არაერთი ვიდეოჩანაწერია ამოღებული, მაგრამ არც ერთ ჩანაწერში არ ჩანს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. იმ მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ სადმე კამერა არის დამონტაჟებული, ყველაფერი ამოღებულია, თუ სხვების გადაადგილება ჩანს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადაადგილებაც გამოჩნდებოდა. ის იმ ადგილას არ იმყოფებოდა. თვითონ ამბობს, რომ იმ დროს იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ამბობს ადვოკატი, სოფო გოგლიჩიძე. ის აპირებს, სააპელაციოში გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება. მას ასევე სურს, რომ რაფაელ მურსაკულოვის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
ამ საქმეზე მომდევნო, წინასასამართლო სხდომა 1 ნოემბერს გაიმართება.
რაფაელ მურსაკულოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქმეზე გამოძიება ორი მუხლით გრძელდება:
179-ე მუხლი - ყაჩაღობა;
109-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.