გია ხუხაშვილი საარჩევნო ბარიერის შესახებ: არ მიმაჩნია, რომ 2% თუ 3% უნდა იყოს სადავო
„დიდი ბოდიში, მაგრამ პარტიას, რომელიც 3%-ს ვერ ლახავს, არა აქვს იმის საკმარისი ლეგიტიმაცია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდეს. ამასთანავე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კოალიციური მმართველობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენს დღეს, მმართველობის ტექნოლოგიის თვალსაზრისით საკმაოდ რთული და მძიმეა იმიტომ, რომ ფერხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა ისტორიულად კოალიციური მმართველობა ახლა არის აუცილებელი, მაგრამ იმას არ ნიშნავს ეს, რომ 30 პარტია უნდა გვყავდეს მაინცდამაინც. დიდი ბოდიში, მაგრამ იმდენი შესაძლებლობა პარტიას თუ არა აქვს, რომ 3 პროცენტი აიღოს, რაც დაახლოებით 50 000 კაცია, დაჯექით სახლში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ უშუალოდ მმართველი პარტიისთვის ბარიერის 3 პროცენტამდე გაზრდა მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მას ვაჭრობისთვის იყენებს:
„ამ პარტიებს არჯულებენ, მათ აქვთ ტექნოლოგია, რომ ზუსტად ამ თემით მოარჯულონ ის პატარ-პატარა პარტიები. და ლაპარაკობენ კიდეც. ელისაშვილი, მაგალითად, უკვე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები მისთვის საერთოდ აღარ არის აქტუალური. და არა მარტო ის, სხვებიც იტყვიან ალბათ. ანუ ეს ტექნოლოგია გამოიყენება. პატარა პარტიების მართვა გათიშე და იბატონეს პრინციპით ძალიან ადვილია. ამიტომ არ არის სასურველი, რომ ეს ერთპროცენტიანი პარტიები იყვნენ, იმიტომ რომ ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია რაღაც ისეთი გადაუგდოს, რითაც ფაქტობრივად თავის ორბიტაზე განათავსებს. ორკაციანი პარტიაა იგივე ელისაშვილის პარტია და ვიცე-სპიკერი ჰყავს, ამაზე ხომ ვერც იოცნებებდნენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „დილის საუბრებში“.
საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს, გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე, 126 ხმით 0-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე იქნა მომზადებული.
ამ კანონპროექტის მიხედვით:
• მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
• მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;
საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი შესაძლოა შეიცვალოს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება. ეს პუნქტი კენჭისყრაზე აღარ დამდგარა. ამ პუნქტის თანახმად,
• მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ნორმის გარეშე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო. ამავე პროექტის ავტორების, მმართველი პარტიის წევრების შეფასებით, პროკურორის არჩევის წესი „სამართლებრივი სიმახინჯე“ იყო.