ზელენსკი გაეროს გამოღვიძებისკენ და უკრაინის კრიზისში მეტი მონაწილეობისკენ მოუწოდებს
22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ინციდენტის ხაზგასასმელადაც გამოიყენა, რომელიც კიევში იმ დღეს უფრო ადრე მოხდა და, როგორც ჩანს, წარმოადგენდა ზელენსკის ახლო მოკავშირის მკვლელობის ღია მცდელობას.
თავის გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ გაერომ უნდა "გამოიღვიძოს" და შეებრძოლოს მსოფლიოს წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებს. "დღეს გაერო ჰგავს პენსიაზე გასულ სუპერგმირს, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო. ის საკუთარ თავს აღიქვამს ტვირთად, სუსტ, მსხვრევად, უსარგებლო მოხუც კაცად, რომლის ცხოვრებასაც აზრი არ ჰქონდა" - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში ომის ხელშეწყობისთვის, ისე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისთვის 2014 წლის მარტში, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.
მოსკოვმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადა ძალისხმევა რუსეთის პასპორტების დასარიგებლად აღმოსავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, რომლებსაც აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. რუსეთში ახლახან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ, რუსეთის პასპორტების მფლობელებს ხმის მიცემის უფლებაც ჰქონდათ.