გუტერეში: უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრს სურს ავღანეთი "მშვიდობიანი და სტაბილური" იყოს
ხუთივე წევრს სურს "მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთი, სადაც ჰუმანიტარული დახმარების განაწილება უპრობლემოდ და დისკრიმინაციის გარეშე იქნება შესაძლებელი" - უთხრა გუტერეშმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ უშიშროების საბჭოს წევრთა სურვილია "ავღანეთი, რომელშიც დაცულია ქალთა და გოგონათა უფლებები, ავღანეთი, რომელიც არ არის ტერორისტთა თავშესაფარი, ავღანეთი, რომელსაც ჰყავს ინკლუზიური, მოსახლეობის ყველა ჯგუფის წარმომადგენელი მთავრობა".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის, საფრანგეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირადად დაესწრნენ შეხვედრას, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვირტუალურად მონაწილეობდა მოლაპარაკებაში.
გასულ თვეში ავღანეთზე თალიბანის მიერ კონტროლის სწრაფად დამყარებამ და ქვეყნიდან აშშ-ის და ნატოს ძალების გამოსვლამ აღძრა შიში, რომ ავღანეთი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გადაიქცეს თავშესაფრად ისლამისტი ექსტრემისტებისთვის, რომლებსაც დასავლეთზე სურთ იერიშის მიტანა. ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ თალიბანთან თანამშრომლობას და გამოდიან მოწოდებით, რომ ბლოკი უნდა მოეხსნას ქვეყნის საერთაშორისო ობლიგაციებს.