24-26 სექტემბერს, ზაგრები ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს - გრან პრის უმასპინძლებს. ოლიმპიური თამაშების შემდეგ გასამართ პირველ პრესტიჟულ შეჯიბრებაში, ოცდათხუთმეტი ქვეყნის ნაკრები ჩაებმება კონკურენციაში. საქართველოს სახელით ტატამიზე მხოლოდ ოთხი სპორტსმენი გავა - ორი გამოცდილი, ორიც დებიუტანტი. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, რა თქმა უნდა, პირველ ნომრად იქნება განთესილი. ამავე წონაში იჭიდავებს ზაურ დვალიშვილი, რომელსაც ამ რანგის შეჯიბრებაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. ასევე პირველად გავა გრან პრის ტატამიზე 73 კილოგრამში მოჭიდავე ჯუმბერ მელაძე. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი საქართველოს ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ორგზის პრიზიორი ლუკა მაისურაძე დაიცავს.