ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ
ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სამი საკითხის გადაჭრა მოითხოვა, საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად.
„სამი ძირითადი საკითხი გადაუჭრელი რჩება - ეს არის უსაფრთხოების საკითხი, სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეები და უკანონო საგუშაგოს განთავსება უისტაში (წნელისში), - თქვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, 23 სექტემბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე.
ბიბილოვი შეეხო სხვა საკითხებსაც: „არსებობს დოკუმენტური ინფორმაცია, რომ სამი ბიჭი ნამდვილად იყო ქართველი პოლიციის ხელში. დაე, მოგვცენ მინიმუმ მათი ნეშტები, რათა ჩვენ დავმარხოთ ისინი ადამიანურად და ნათესავები მივიდნენ საფლავებთან".
ეუთოს მხრიდან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ანიკა სედერმა აღნიშნა, რომ ბევრი სამუშაოა ტარდება გაუჩინარებულთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ტოივო კლაარი, ჯიჰან სულთანოღლუ და ანიკა სედერი საქართველოს გენერალურ პროკურორთან ამ საკითხზე შეხვედრას გეგმავენ.
„მეჩვენება, რომ საქართველო ცხოვრობს ვირტუალურ სამყაროში. დროა, რომ შეეგუონ რეალობას, დაიწყონ საკითხების გადაწყვეტა და, უპირველეს ყოვლისა, აიღონ უკანონო პოსტი უისტიდან (ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთი). უნდა გავერიდოთ ორმაგ მიდგომებს, ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს", - აღნიშნა ბიბილოვმა.
ევროკავშირის მხრიდან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა, განმარტა, რომ ის „ეყრდნობა დისკუსიების ყველა მონაწილის კეთილგანწყობას და მნიშვნელოვანია, რომ ერთმა მონაწილემ გაიგოს მეორის პოზიცია - მაშინ იქნება შედეგი". ანატოლი ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს გაწეული სამუშაოსთვის.
„თქვენი პოზიცია არის დაძაბულობის მოხსნა, ჩვენთვის ეს ნათელია, მაგრამ მხარეების პოზიციები მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ ვისაუბროთ დეესკალაციაზე”, - თქვა ბიბილოვმა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპოლიციო საგუშაგო განთავსებულია სოფელ ჩორჩანის ტყის მასივში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და მას შეხება არა აქვს ოკუპირებულ სოფელ წნელისთან, ამიტომ საგუშაგოს დემონტაჟის საკითხს არ განიხილავს.
დე ფაქტო ხელისუფლება ტრადიციულად მოითხოვს საქართველომ ხელი მოაწეროს აფხაზეთთის და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლება ამ შეთანხმების ხელმოწერას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან განიხილავს.
თანათავმჯდომარეების მონაწილეობით გამართულ კიდევ ერთშეხვედრას ვერ დაესწრო დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევი, რომელიც ვლადიკავკაზის საავადმყოფოში მკურნალობს. ჯიოევი დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჯავის რაიონში, საკუთარ ხეხილის ბაღში მუშაობდა და ხიდან ჩამოვარდა. მრავლობითი მოტეხილობით და ხერხემლის დაზიანებით ის ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.
ოსური მედიის ცნობით, უცხოელ სტუმრებს დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინ კოჩიევმა უმასპინძლა.
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა 12-13 ოქტომბერს იგეგმება, მანამდე 27 სექტემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.