ზახარ პრილეპინმა უარი თქვა სახელმწიფო დუმის დეპუტატის მანდატზე
არჩევნებში ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისათვის“ თანათავმჯდომარემ, ზახარ პრილეპინმა, პარტიული სიით მოიპოვა სახელმწიფო დუმის მანდატი.
მაგრამ, რუსული მედიის თანახმად, პრილეპინი გეგმავს, რომ მთელი ყურადღება დაუთმოს გუბერნატორების სკოლაში სწავლას, რომელიც 22 სექტემბერს დაიწყო და 7-8 თვეს გასტანს. წყაროების ცნობით, პრილეპინი მზად არის, ასევე, განიხილოს წინადადება, გახდეს რომელიმე რეგიონის გუბერნატორი, თუკი სამომავლოდ ასეთ შეთავაზებას მიიღებს.
პარტია „სიმართლისათვის“ ("За правду") ამასწინათ გამოვიდა ინიციატივით, დაუყოვნებლად ჩატარდეს რეფერენდუმი თვითაღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, რუსეთთან მიერთების საკითხზე.
პარტია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში აისახოს ნორმა, რომელიც შესაძლებელს გახდის ნებისმიერი იმ ტერიტორიის რუსეთთან შეერთებას, რომლის მცხოვრებთა 75% მხარს დაუჭერს რუსეთის ფედერაციაში შესვლას.