ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა
![ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა](https://gdb.rferl.org/bccff28a-0986-491c-819f-a6b86cac874c_cx5_cy27_cw81_w800_h450.jpg)
ორ რეგიონის - იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა. ის საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან, 5 კმ-ით.
საჩხერის ონთან დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 28 სექტემბრიდან არის შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობის ცნობით, საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო, 1,5 საათით მცირდება. ახალი გზით მგზავრობას, 6 საათის ნაცვლად, 4,5 საათი დასჭირდება. პროექტის განხორციელება 110 მილიონი ლარი დაჯდა.
გზის გახსნაზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„თბილისიდან რაჭამდე ჩამოვალთ სულ რაღაც სამ საათში და დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომფორტული გზა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაჭის მოსახლეობისთვის, ზემო იმერეთის მოსახლეობისთვის და ჩვენი ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.