ოქიტაშვილი: აქციები გაიმართება, თუკი დიალოგი ანანიაშვილთან შედეგს არ გამოიღებს
კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს. მისი სიტყვებით, ნინო ანანიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელის პოსტი უნდა დატოვოს, რადგან არ შეიძლება საბალეტო დასს ხელმძღვანელობდეს იმ ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაამხოს ხელისუფლება და მთავრობასა და პოლიციას უწოდებს კრიმინალებს.
როგორც დათო ოქიტაშვილი რადიო თავისუფლებას განუმარტავს, ის ნინო ანანიაშვილს, როგორც მსოფლიო დონის ბალერინას, უდიდეს პატივს სცემს, თუმცა, ამის მიუხედავად ფიქრობს, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს: „გრიგოლ ვაშაძე თავად აყენებს უხერხულ სიტუაციაში ნინო ანანიაშვილს. მის დასში არის 500-600 ადამიანი. მათ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. ისინი მოსულები იყვნენ ჩემთან და მითხრეს, არ იცით, როგორი დაძაბული სიტუაციააო. როგორ შეიძლება, რომ ხელოვნება პოლიტიკაში შეიყვანო. თორემ ღმერთმა დამიფაროს, რომ ნინო ანანიაშვილი გავაგდო ოპერიდან. არა, ის უბრალოდ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ოპერაში დარჩეს, როგორც პედაგოგი. მისი ქმრის განცხადებები არის პოლიტიკა. ის უნდა გაემიჯნოს ქმრის მოსაზრებებს. მოცეკვავეებში ზოგი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, ზოგი ქართული ოცნების, ზოგი ლეიბორისტია და რატომ უნდა მოახვიოს თავს ამ ადამიანებს ერთი კონკრეტული აზრი“?
დათო ოქიტაშვილის თქმით, მას არ აქვს კონკრეტული ფაქტები ოპერისა და ბალეტის თეატრში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შევიწროების შესახებ, თუმცა, ამბობს, რომ 24 დეკემბერს ის შეხვდება თეატრის პროფკავშირის ხელმძღვანელს და თუკი შეხვედრისას გამოიკვეთა მსგავსი პრობლემა, დაიგეგმება შეხვედრა ნინო ანანიაშვილთან. ხოლო იმ შემთვევაში, თუ მასთან დიალოგი არ გამოიღებს შედეგს, პროფკავშირების ორგანიზებით დაიწყება აქციები ნინო ანანიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით: „მე თუ დავინახე, რომ დასაქმებული ადამიანების უფლებები ირღვევა პოლიტიკური ნიშნით, ცხადია, ჩვენ ამაზე რეაგირება გვექნება. არ დავთმობთ და ამის წინააღმდეგ დავიწყებთ აქციებს. ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ, დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნით დავგეგმეთ აქციები და ამ გზით გადავაყენეთ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩვენ ეს გამოცდილება უკვე გვაქვს“.