ირაკლი კობახიძეს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს
სამოქალაქო აქტივისტებმა სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კობახიძეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“.
„მონა, მონა“, - ამგვარი შეძახილების ფონზე მოუხდა უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისვლა.
ირაკლი კობახიძე სასტუმროში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდა. „ქორთიარდ მარიოტში“ იმართება რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია, სადაც საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ ეროვნული პარლამენტების როლზე მსჯელობენ.
ირაკლი კობახიძემ სირცხვილის კორიდორი უკომენტაროდ გაიარა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამთა გოგოლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართული ოცნების" დეპუტატებს ყველგან მოუწყობენ მსგავს დახვედრას, სანამ ისინი არ შეასრულებენ პირობას და არ დანიშნავენ 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით.
„ჩვენ მათ დავპირდით, რომ ვერ გადაადგილდებიან თავისუფლად და წყნარად, პროტესტის გარეშე, ჩვენ ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მოქმედებას, სანამ არ მივაღწევთ ადამიანების ლეგიტიმური მოთხოვნის - თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზანს“, - აცხადებს თამთა გოგოლაძე.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამას უარყოფენ ოპოზიციის ლიდერები.