გერმანიის ოფიციალური პირები შეშფოთებით ხვდებიან ცნობებს აშშ-ის ჯარის გაყვანის შესახებ
გერმანიის ოფიციალური პირები შეშფოთებით შეხვდნენ ცნობებს, რომ აშშ აპირებს გერმანიიდან გაიყვანოს ათასობით ჯარისკაცი.
რეაქციები მოჰყვა The Wall Street Journal-სა და Der Spiegel-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯარების მასშტაბურ გამოყვანას აპირებს. The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან გამოიყვანს 9500-მდე სამხედროს, Der Spiegel-ი კი იუწყება, რომ წლის ბოლომდე გერმანიას 5000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34,000-მდე სამხედროა დისლოცირებული.
"გერმანულ-ამერიკულ ურთიერთობაზე შესაძლოა მძიმედ აისახოს აშშ-ის პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება", - აცხადებს პეტერ ბეიერი, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი აშშ-სა და კანადასთან ურთიერთობაში, რომლის სიტყვებსაც ავრცელებს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო, dpa.
გაზეთ Bild am Sonntag-ს მოჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის სიტყვები, რომ ორივე მხარე კვლავაც დაინტერესებულია მჭიდრო თანამშრომლობით. "თუ აშშ-ის სამხედროთა ნაწილს გაიყვანენ, ამას აღვრიცხავთ", - ამბობს მაასი და დასძენს: "ჩვენ ახლო პარტნიორები ვართ ტრანსატლანტიკურ ალიანსში. მაგრამ ეს კომპლექსური საკითხია".
ტრამპი დიდი ხანია ჩივის, რომ გერმანია არ ასრულებს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სფეროზე მშპ-ის 2 პროცენტის დახარჯვას. კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობა პირობას დებს, რომ სამხედრო ხარჯებს გაზრდის, მაგრამ ნატოს ფარგლებში დასახული მიზნის მიღწევა, სავარაუდოდ, 2030 წლამდე არ მოხერხდება.
ამავდროულად, ვარშავა გამოთქვამს იმედს, რომ აშშ-ის სამხედროთა ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს.