ჯაღმაიძე: თუ რამე დამემართება არ ნიშნავს ვისგანაც მოდიოდა მუქარა მაინცდამაინც იმის ბრალია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების მცდელობის საქმის შესახებ ილაპარაკა „ტვ პირველის“ ეთერში.
გიორგი გაბუნიას მიმართ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მუქარის შესახებ დასმულ შეკითხვას, „მისი მუქარა არ მიგითითებთ, რომ სწორედ, რუსეთის ფედერაციიდან მოდის ეს საფრთხე?“ დეკანოზი პასუხობს: „რა ჩემი კომპეტენცია არის ასეთი დასკვნების გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიმართ ყოფილა ძალიან ბევრი მუქარა, დევს ეს ღია სივრცეში, მაგრამ მე თუ რამე დამემართება, ეს არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, მაინცდამაინც იმის ბრალია“.
მღვდელი ამბობს, რომ საქმის შესახებ წინასწარი დასკვნის გაკეთებისგან თავს იკავებს. „როდესაც ამ საქმის დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთოთ რაიმე დასკვნა წინასწარ. თუ რეალურად ამ საფრთხის შემცველი იყო ეს მოვლენა და ეს აღკვეთილი არის ახლა, ძალიან კარგია და მისალოცია ყველასთვის, რომ არ მოხდა რაღაც უბედურება. სხვა შემთხვევაში, იმისთვის, რომ შეფასება გაკეთდეს, უნდა უტყუარი გამოძიების დასკვნები დაიდოს ალბათ“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური გამოეხმაურა საქართველოში გამოთქმულ ბრალდებას, რომ მისი დავალებით იგეგმებოდა ჟურნალისტზე თავდასხმა. კადიროვი ხაზგასმით იმეორებს, რომ არ დავიწყებია, თუ როგორ შეურაცხყო გიორგი გაბუნიამ არა მხოლოდ ერთი ადამიანი, პრეზიდენტი პუტინი, არამედ მთელი ხალხი, რისთვისაც ჟურნალისტმა მუხლზე დაჩოქილმა უნდა ითხოვოს პატიება.
„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღეთ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის გამოსწორებას. ვურჩევ მას, გააკეთოს სწორი დასკვნები და წესრიგში მოიყვანოს საკუთარი გონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, რომ ის ჩემ მტრად დარჩება“, - წერს რამზან კადიროვი.
სუს-ის 15 ივნისის განცხადების თანახმად, დაკავებულია ბრალდებული ბოკოვი, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.
15 ივნისს, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა კადიროვის დაკვეთით ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის გეგმაზე.
2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.