შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც ჯარისკაცებს კბილის ჯაგრისით საპირფარეშოები ახეხინა, პატიმრობა მიუსაჯეს
შიგანან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, გიორგი ბიჩინაშვილს რომელმაც დასჯის მიზნით ჯარისკაცებს კბილის ჯაგრისით საპირფარეშოს სივრცეები ახეხინა, 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ეს საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძია და დაადგინა, რომ:
"2020 წლის 28 იანვარს ცვლის უფროსმა გ.ბ-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები";
"2020 წლის 24 მაისს ცვლის უფროსმა გ.ბ-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ 2 ჯარისკაცს, ორი საათიდან ოთხ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილებს, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში,ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, პირსაბანი ოთახის იატაკი და საპირფარეშოს კარი".
ამ საქმეზე ბრალდებული იყო სამმართველოს ცვლის უფროსი დიმიტრი დევდარიანი. როგორც პროურატურა იუწყება, მას ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა:
"2020 წლის 14 მარტს ცვლის უფროსმა დ.დ-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი";
"2020 წლის 25 მაისს ცვლის უფროსმა დ.დ-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ერთი ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და აღნიშნული ეკიპირებით, ათი-თერთმეტი საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა".
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა 9-თვიანი გამოძიების საფუძველზე. ისინი - გამოძიების მტკიცებით - წვევამდელებს სისტემურად, მძიმე ეკიპირებით, ზოგჯერ 10-11 საათის განმავლობაში, კბილის ჯაგრისებით ახეხინებდნენ საპირფარეშოს იატაკებსა და უნიტაზებს, რითაც შელახეს მათი ღირსება და გადაამეტეს საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
გიორგი ბიჩინაშვილს ბრალად ედებოდა პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დიმიტრი დევდარიანს კი - პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.