რუსეთი აშშ-ის განცხადებას პასუხობს: რუსეთი ომის წინააღმდეგია
აშშ-ში რუსეთის საელჩო თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ საკის კომენტარს ეხმიანება და აცხადებს, რომ განცხადებები უსაფუძვლოა და მათი მიზანი რუსეთზე საინფორმაციო ზეწოლის განხორციელებაა.
„ვეხმიანებით თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის საბაბის მომზადების შესახებ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე დეტალურად აღწერენ მსგავსი პროვოკაციების სცენარებს და ასახელებენ "ოპერაციების" დაწყების თარიღებს, როგორც ყოველთვის, მტკიცებულების გარეშე. ასეთი განცხადებები ადასტურებს ჩვენს ქვეყანაზე განუწყვეტელ საინფორმაციო ზეწოლას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
თეთრი სახლი პრესმდივნის ჯენ საკის თქმით, ვაშინგტონს მოეპოვება მტკიცებულება, რუსეთის მიერ ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებებისათვის სპეციალურად გაწვრთნილი მებრძოლების შესახებ, რომლებიც ასევე ფლობენ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების ხელოვნებას, ამზადებენ პროვოკაციებს დონბასში მოქმედი პრორუსული ძალების წინააღმდეგ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული დაზვერვის თანახმად, პროვოკაციები შესაძლოა დაიწყოს სამხედრო მოქმედების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თავად რუსეთის სამხედრო შეჭრა კი, სავარაუდოდ, უახლოეს თვეშია მოსალოდნელი.
რუსული მხარის მტკიცებით კი, ისინი საერთაშორისო პრობლემების დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებენ.
„გვინდა გავაფრთხილოთ ჩვენი კოლეგები მსგავს ავანტიურებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აშშ-ში (როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე მედიაში) ჩვენ მიმართ უწყვეტი ბრალდებები უსაფუძვლოა. მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, ჩაერთოს არსებით სამუშაოებში, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები რუსული მხარის მიერ შეთავაზებული შეთანხმებების პროექტების საფუძველზე. რუსეთი ომის წინააღმდეგია - ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტას“, - აღნიშნულია განცხადებაში.