თელავის ბიუჯეტიდან 20 უსინათლო პირისთვის დახმარების დანიშვნას მოითხოვენ
"უსინათლოთა კავშირი" თელავის ადგილობრივ ბიუჯეტში 20 უსინათლო პირისთვის ყოველთვიურად 100-ლარიანი დახმარების დასანიშნად თანხის გამოყოფას ითხოვს. ლაპარაკია წელიწადში 24 ათასი ლარის გამოყოფაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას, "უსინათლოთა კავშირის" კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა მაგდა ბეჟანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მერიაში წერილობითი მოთხოვნა არ შეუტანია, თუმცა უშუალოდ მერთან ჰქონდა ზეპირი კომუნიკაცია და ამავდროულად დაესწრო საკრებულოში კომისიის სხდომას, სადაც ეს საკითხი დააყენა. მაგდა ბეჟანიშვილი ამბობს, რომ თანხა სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"თელავში მცხოვრები პირველი ჯგუფის 20 უსინათლო პირი, ძირითადად მოხუცები, არიან უკიდურეს ყოფაში, ისეთში, რომ ვერ აღვწერ. გავიარეთ კონსულტაციები მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, თუმცა მათგან დაზუსტებული პასუხი ვერ მივიღეთ, გამოყოფენ თუ არა თანხას. მსგავსი დახმარებები არის რამდენიმე მუნიციპალიტეტში და გვინდა, რომ აქაც დაწესდეს“, - თქვა მაგდა ბეჟანიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ეთერ გურგენაშვილი ამბობს, რომ ახალ ბიუჯეტში უსინათლო პირებისათვის თანხის გათვალისწინება შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ წელიწადში მხოლოდ 24 ათასი ლარის გამოყოფაზეა ლაპარაკი. გურგენაშვილი ამბობს, რომ იქ, სადაც სახელფასო ფონდს წელიწადში 1 მილიონ 200 ათასი ლარი დაემატა, ფინანსები აუცილებლად უნდა მოიძებნოს უსინათლოთა დასახმარებლად.
ამ საკითხზე რადიო თავისუფლებას თელავის მერიიდან წერილობით აცნობეს:
"აღნიშნულ საკითხს თელავის მუნიციპალიტეტის მერია სამომავლოდ გაითვალისწინებს. გაცნობებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია და ახლაც, უსინათლოებს ბიუჯეტიდან უფინანსდებათ ელექტროენერგიის გადასახადი. თითოეული მათგანისთვის გათვალისწინებულია 300 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც მედიკამენტებისთვის არის განკუთვნილი, ასევე საჭიროების შემთხვევაში მერიას სამედიცინო მომსახურებისთვის გათვალისწინებული აქვს 1000 ლარი", - მოგვწერეს თელავის მერიიდან, თუმცა არ დააკონკრეტეს, როდის გაითვალისწინებენ "უსინათლოთა კავშირის" მოთხოვნას, პირველი ჯგუფის 20 უსინათლო პირისთვის ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარების დანიშვნის შესახებ.
"უსინათლოთა კავშირს" კახეთის მასშტაბით 70 უსინათლო ჰყავს აღრიცხვაზე. მათი ნაწილი სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობასაც იღებს, თუმცა, "უსინათლოთა კავშირის" მონაცემებით, არიან ადამიანები, რომლებიც დახმარებას ვერ იღებენ და წლების განმავლობაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.