აშშ მიესალმება რუსეთში ჰაკერობაში ეჭვმიტანილთა დაპატიმრებას
აშშ მიესალმა რუსეთში გადადგმულ ნაბიჯებს ჰაკერთა ცნობილი ჯგუფის წევრობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად, მათ შორის პირის, რომელიც, გავრცელებული ეჭვით, იდგა შარშან, აშშ-ის მილსადენის ოპერატორზე გამომძალველი პროგრამით განხორციელებული კიბერშეტევის უკან.
"ჩვენ გვახარებს ეს პირველადი ნაბიჯები", - თქვა 14 იანვარს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ აშშ-ის მოლოდინით, რუსეთი ჰაკერობაში ეჭვმიტანილ პირებს წარადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე.
მანამდე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) გამოაცხადა, რომ აშშ-ის თხოვნით დააპატიმრა ჯგუფ Sodinokivi/REvil-ის წევრობაში ეჭვმიტანილი 14 პირი. ეჭვმიტანილები დააპატიმრეს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვა რეგიონებში, FSB-და და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე.
დაკავებულთა შორის ერთი პირი, გავრცელებული ეჭვით, იდგა მაისში, გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმის უკან, რომლის სამიზნეც იყო აშშ-ის კომპანია Colonial Pipeline-ი, - იუწყება აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ამ კიბერშეტევის გამო კომპანია იძულებული გახდა, პრევენციის მიზნით დაეხურა თავისი მილსადენი, რომელიც ტეხასიდან ნიუ-ჯერსიმდეა გადაჭიმული და ატლანტს სანაპიროს საწვავის თითქმის ნახევარი ჩააქვს - რამაც დროებით საწვავის დეფიციტი შექმნა. ამ შეტევამ ხელი შეუწყო კიბერუსაფრთხოების საკითხის განთავსებას ერთი თვის შემდეგ, ჟენევაში გამართული, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამიტის დღის წესრიგის სათავეში.