ანატოლი ბიბილოვი „სპუტნიკ ლაითით“ აიცრა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ ბუსტერ დოზით, რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, „სპუტნიკ ლაითით“ აიცრა. როგორც მისი პრესსამსახური იუწყება ბიბილოვი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას, განრიგის შესაბამისად აგრძელებს.
ბიბილოვმა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ოსურ მედიასთან. მისი თქმით, COVID - 19-ის გავრცელების შესაჩერებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
„თუ ადამიანი პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე, მაშინ ის აიცრება. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე. მე გავაკეთე „სპუტნიკ-V-ს" მეორე დოზა 2021 წლის 16 ივლისს, ახლა გამიკეთეს რევაქცინაცია „სპუტნიკ-ლაითით". ყველას მოვუწოდებ, უფრო სერიოზულად მოეკიდონ ამ დაავადებას და გაიკეთონ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი და ყველაზე საიმედო გზა COVID-19-თან ბრძოლაში. რესპუბლიკაში ვაქცინაციის დაბალი დონე სახიფათო შედეგებს იწვევს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორასამდე ადამიანი დაიღუპა. ამ სტატისტიკამ ყველა უნდა გამოაფხიზლოს, ჩვენი პატარა ერისთვის ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დაცვა, ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს ეხებათ.” - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
ცხინვალის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ვიტალი ჯიოევმა, რომელიც პროცედურას ესწრებოდა, დე ფაქტო პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონში კოროვირუსის ინფექციის შემთხვევებისა და ვაქცინაციის ტემპის შესახებ უამბო.
„ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 1600 ადამიანია აცრილი. ვაქცინაციის სერტიფიკატს გავცემთ, სადაც აღირიცხება ვაქცინაციის დრო და ადგილი. ეს დოკუმენტი აღიარებულია რუსეთში, მაგრამ QR კოდების არარსებობის გამო, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიემგზავრება ჩრდილოეთ ოსეთში და იქ იცრება“.
დე ფაქტო რესპუბლიკაში გასული წლის გაზაფხულზე პირველად შეიტანეს რუსული წარმოების 2000 დოზა ვაქცინა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის არააქტიურობის გამო, ნახევარზე მეტს ვადა გაუვიდა. მოგვიანებით კიდევ პარტია შევიდა ოკუპირებულ რეგიონში, თუმცა არც ამჟამად შეინიშნება დიდი აქტივობა.